ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში ლეო დოქერტის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას უწყობს ხელს.

ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეიტანოს საქართველომ თავისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლეო დოქერტის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე − სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე და ლეო დოქერტის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი; გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეითი დანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში