„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი - მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს

მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელმა სანდრო ქევხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, თუმცა, „ელიტური კორუფციის“ პრობლემა აქტუალურად დგას.

„ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, ამ მხრივ, ასე თუ ისე, პრობლემა მოგვარებულია. მექრთამეობა დაბალ დონეზეა, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის მისაღებად მოქალაქეს ქრთამის გადახდა არ სჭირდება, რაც ადრე იყო. ეს დიდი მიღწევაა, ეს რომ ნარჩუნდება, კარგი ამბავია. მთავრობის განცხადებებს რომ გადახედოთ, ხშირად ამბობენ, რომ ამ და ამ ინდექსში კარგი ქულა გვაქვს, წინ ვართო, რაც მართლაც ასეა, გლობალურ დონეზე ასე ჩანს, იმის გამო, რომ სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში კორუფცია აღმოფხვრილია. თუმცა, ეს ინდექსები არ ზომავს უფრო კომპლექსურ კორუფციას, სხვადასხვა ტერმინებია - მაგალითად „ელიტური კორუფცია“, ჩვენ მაღალი დონის კორუფციას ვეძახით. ასეთი პრობლემის გაზომვა ციფრებით უფრო რთულია, ამიტომ ინდექსებში ნაკლებად ჩანს ხოლმე, ჩვენ საქართველოში ელიტური კორუფციის პრობლემა გვაქვს. კონტრაქტები, ლიცენზიები თუ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები, როცა მიიღება, კორუფციული რისკი და ფაქტორებია მუდმივად, ამის მაგალითებს სულ ვპოულობთ და მექანიზმი, ეს რომ შეაჩეროს, არ არსებობს.

მაგალითად, ყოველ ორშაბათს, მთავრობა იკრიბება, რომლის დღის წესრიგიც რომ ნახოთ, 3-4 პუნქტი სულ არის, სადაც წერია, რომ კონკრეტულ კომპანიას პირდაპირი წესით ქონებას აძლევენ და განკარგულებებს არ აქვეყნებენ, სადაც ეწერება საიდენტიფიკაციო კოდი და ის, თუ რა ქონებას აძლევენ. იმას არავინ ამბობს, რომ პრივატიზაცია არ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ღია და საჯარო, მხოლოდ კომპანიის სახელს წერენ, განკარგულებებს კი, უკვე 3 წელია, არ აქვეყნებენ. თუ კომპანიას უნიკალური სახელი აქვს და ბევრ კომპანიას არ ჰქვია ის სახელი, დეტალებს მაინც ვიგებთ. ხშირ შემთხვევაში ასეთი კომპანიები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან, ან მისი დირექტორი, მეწილეები დაკავშირებული არიან სხვადასხვა გზით ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ეს არის ელიტური კორუფცია, როცა სხვადასხვა ტიპის კავშირი განსაზღვრავს, ვისთან მიდის ფული, სახელმწიფო ქონება და არა ის, რა არის ეკონომიკისთვის, ქვეყნისთვის კარგი, ეს გვერდზე გადადის და პირადი კავშირები გადმოდის პირველ პლანზე, კორუფციის განმარტებაც სწორედ ეს არის. ეს პრობლემა ქვეყანაში გვაქვს”, - აცხადებს ქევხიშვილი.

მისივე განმარტებით, მსგავსი ფაქტების აღმოჩენას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება.

„რამდენიმე წლის წინ, „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევებზე“ დავიწყეთ ერთგვარი სიის, კატალოგის მსგავსის გაკეთება. დღეის მდგომარეობით 151 შემთხვევა გვაქვს გამოძიებული, რომელშიც მაღალი რანგის 162 თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 13 მოსამართლე, პარლამენტის 28 წევრი, მთავრობის 28 წევრი, ან მისი მოადგილე და მუნიციპალური დონის 54 თანამდებობის პირი. აქედან ნახევარი, დღესაც მოქმედია, ნაწილი წინა წლებში იყო. ამ შემთხვევებზე მუდმივად ვაგზავნით პროკურატურაში, სუს-ში, აუდიტის სამსახურში წერილებს. როგორც წესი, მათგან არაფერი ხდება, ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს რეაგირება. პროკურატურა არც კი გვეუბნება, გამოძიება დაიწყო თუ არა. ვთქვათ, რომელიმე ჟურნალისტურ გამოძიებას არ ვენდობით, უამრავი წყაროა, 151 სკანდალური შემთხვევაა, ვთქვათ, 20 მაინც რეალურია, გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო? ეს საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, ფორმალური, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს, ან რეალურად, ისინი პოლიტიკურად დამორჩილებული არიან და ვერ, არ ასრულებენ მათ ფუნქციას, პროკურატურა თავის საქმეს არ, ვერ აკეთებს, რადგან ის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება”, - აცხადებს ქევხიშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა