ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვინც მანიფესტის მიუხედავად, პარტიასთან იგივე დაპირისპირების კამპანიას გააგრძელებს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ დარჩება

[მანიფესტის მიუხედავად] ვინც გააგრძელებს იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის პარტიის გარეთ დარჩება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ 11-პუნქტიან მანიფესტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ განვლილი თვეების განმავლობაში გარედან „ურტყამენ“, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად მოიაზრებენ.

„პარტიაში მე პრობლემებს ვერ ვხედავ. პარტიაში არის აბსოლუტურად საქმიანი განწყობა და მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ განვლილი თვეების განმავლობაში ვხედავთ პარტიაზე გარედან დარტყმებს, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად მოიაზრებენ და ეს მანიფესტი ძალიან კარგი და ღია პლატფორმაა იმისთვის, რომ ეს ამბიციები და გარკვეული ტიპის, თუნდაც წარსულის წყენები გვერდზე გადაიდოს. პარტიის აბსოლუტურად ლეგიტიმურად არჩეული ყველა ორგანო - თავმჯდომარიდან დაწყებული, რეგიონული ორგანიზაციებით დამთავრებული, მზად არიან იმისთვის, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და მოვახდინოთ კონსოლიდაცია. ის, ვინც გააგრძელებს იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის თავს დატოვებს, როგორც ახლა არის, პარტიის გარეთ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე, გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში იქნება გადაყვანილი. მისი თქმით, „ეს ვერც მიხეილ სააკაშვილის და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებს და ამოცანებს ვერ შეცვლის“.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ივანიშვილის ხელისუფლების არსს, რომელიც რუსულია. რუსულია არამარტო იმის გამო, რომ ის ავტორიტარულია და ზღუდავს ჩვენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებს ადამიანებს, ძალადობს ფიზიკურად, არამედ რუსულია იმითაც, რომ ის საოცრად ცინიკური და თავხედია, ამიტომ, რასაც იუსტიციის მინისტრი აჟღერებს, ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ვერც მიხეილ სააკაშვილის და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებს და ამოცანებს ვერ შეცვლის. სააკაშვილიც და ჩვენც გავაგრძელებთ ბრძოლას 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანა შემოტრიალდეს ისევ ნორმალური განვითარებისკენ და გააგრძელოს წინსვლა“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება მანიფესტს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ, 22 ნოემბერს გამოაქვეყნა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მისი უპირველესი დანიშნულება იმ პრინციპების ჩამოთვლაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედება დაეფუძნება.

„მანიფესტის პირველი დანიშნულება არის იმ პრინციპების ჩამოთვლა, რომელსაც ჩვენი მოქმედება დაეფუძნება. ეს უნდა იყოს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ასევე, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა მოქალაქეს აქვს და მთავრობა მხოლოდ მოქალაქის მსახურია. ჩვენ ეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შევცვალეთ და ხედავდით, რომ არ არსებობდა ისეთი საკითხი და პრობლემა, როცა ადგილზე მინისტრი, მინისტრის მოადგილე, პრემიერი ან პრეზიდენტი არ ჩასულიყო. დღეს კი ვხედავთ ხელისუფლების ტოტალურ გაუცხოებას მოქალაქისგან. სტიქიები რომ ხდება, როგორც შოვში მოხდა, კაბინეტებიდან იძლევიან ინტერვიუებს ისე, რომ ტალახში ფეხის ჩადგმა არ უნდათ.

მასში [მანიფესტში] საუბარია იმაზე, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ადამიანის უსაფრთხოებას. ადამიანი უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს ქვეყნის შიგნით და გარეთ და კრიმინალი არ უნდა ბოგინობდეს. ასევე მასში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვას. ეს ის საკითხებია, რომელზედაც ჩვენ კიდევ უფრო დეტალური კამპანიები გვექნება წინასაარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში