თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუცია ღირებულია საქართველოსთვის, რადგან ამით კიდევ ერთხელ გამოიხატა ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსსი“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის განცხადებით, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც მსგავს რეზოლუციებს ფასი დაედება.
საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისა და რუსეთის მიმართ წნეხის კონტექსტში წერეთელმა აღნიშნა, რომ მაშინ, როცა მოსკოვისთვის "განკითხვის ჟამი" დადგება, საქართველო მზად უნდა იყოს.
„თვითონ ფაქტი, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და ძალიან მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა, თავისთავად ღირებულია. ერთის მხრივ ეს ღირებულია საქართველოსთვის, რადგან ამით კიდევ ერთხელ გამოიხატა ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა. გამოიხატა ის განწყობაც, რომ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, რომ საქართველო მიატოვონ, თუნდაც დღეს, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.
აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ამ ყველაფერს ფასი დაედება. რუსეთმა ყოველთვის უნდა იგრძნოს, რომ ის არის დამნაშავე და მან ჩაიდინა ბევრი დანაშაული, რაც ჰააგის სასამართლომაც დაადასტურა. ეს პაკეტი, ეს ფაილები იმიტომ იქმნება, რომ აუცილებლად ერთ დღეს, როდესაც განკითხვის ჟამი დადგება მათთვის, ყველა დანაშაულისთვის - ეს საქართველოს უნდა ჰქონდეს, მზად უნდა იყოს. როგორ შეიძლება რეაგირების გარეშე იყოს ასეთი უმძიმესი ფაქტი, რაც გინტურის ან ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობას შეეხება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
გარდა რეზოლუციისა, გიგი წერეთელმა გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავსა და მის შედეგებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ რაღაცების გაკეთება შეძლო, თუმცა იყო „გაუმართლებელი ამბებიც“, რომელზედაც საბოლოო ჯამში წინა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო.
„რაღაც შევძელით იმ პერიოდში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ ბევრი საკითხი იყო, კანონის უზენაესობა, სასამართლოს რეფორმა, საკუთრების ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებები დარღვევა, ასევე „იმედში“ შესვლა. ყველაფერს აქვს თავისი პოლიტიკური გამართლება, მაგრამ არის გაუმართლებელი ამბები. ჩვენ და წინა ხელისუფლებამ ვიცით სად დავუშვით შეცდომები. ვიღაცას მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ საბოლოო ჯამში წინა ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.