განათლების მინისტრი - საშინაო და საკლასო დავალებების სავალდებულოობა გავაუქმეთ - ეს არის მასწავლებლების მრავალი წლის მოთხოვნა, რომელსაც ვუპასუხეთ და მეტი აკადემიური თავისუფლება მივეცით

[საშინაო და საკლასო დავალებების] სავალდებულოობა გავაუქმეთ, მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება და აქვე მზად ვართ ყველა სერვისი აღმოვუჩინოთ სკოლებს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც ის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არავის არაფერი გაუუქმებია.

„არავის არაფერი არ გაუუქმებია. შედით რომელიმე სკოლაში და ჰკითხეთ მასწავლებლებს, ეს რომ მოხდა არის კარგი თუ ცუდი? მათი და ბავშვების ინტერესებში შედის, თუ არა? სავალდებულოობა გაუქმდა და არა საშინაო დავალება. შესაბამისად, სკოლას, მასწავლებელს იმ ავტონომიის ფარგლებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ (დეკემბერში ამასთან დაკავშირებით საჯარო პრეზენტაცია გვექნება), მივანიჭეთ მეტი უფლებამოსილება თვითონ განსაზღვრონ, დაგეგმონ, როგორი შეფასების მეთოდი და ფორმულა აქვთ და არა ის, რომ რამე გავაუქმეთ. აქვე ვეუბნებით, რომ ნებისმიერ მათ შერჩეულ ფორმაში და მეთოდში სამინისტრო, შესაბამისი ჩვენი სსიპ-ები და სტრუქტურები მზად არიან სერვისები აღმოუჩინონ, ანუ დაეხმარონ მათ დანერგვაში. ეს პირიქითაა, რამე კი არ გავაუქმეთ, მასწავლებლების უმრავლესობის მოთხოვნაა წლების განმავლობაში, რომ მათ მივანიჭოთ მეტი აკადემიური თავისუფლება, მივცეთ შესაძლებლობა, რომ ცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, ბრძანების თუ მითითების მიღმა ჰქონდეთ შესაძლებლობა ესა თუ ის საგანი, თუ კლასი, საათობრივი ბადე, სასწავლო გეგმა სკოლამ თავად დაგეგმოს, ვინაიდან მათ უკეთ იციან ადგილზე, სკოლებში თავიანთ მოსწავლეებს რა სჭირდებათ, ვიდრე შესაძლოა სამინისტროში იყოს. ამიტომ ჩვენ ეს სივრცე გავხსენით, შევქმენით და არა ის, რომ ახლა აქ ვინმე ზის სამინისტროში და არ ესმის საშინაო დავალების არსი, ისე როგორც ტირაჟირებს ზოგიერთი სააგენტო. სავალდებულოობა გავაუქმეთ, მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება და აქვე მზად ვართ ყველა სერვისი აღმოუჩინოთ მათ.

ჩვენ არავის თავზე არაფერს არ მოვახვევთ, არავის არაფერი გაუნულდება ან არავის დავავალდებულებთ, რომ ძველი მიატოვოს და ახალზე გადავიდეს. ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა ახალ სასწავლო წლამდე დალოდება, ანუ 2024 წლის სექტემბრამდე. შესაბამისად, ახლაც არაფერი სავალდებულო აქ არ არის და ასე ვთქვათ საგანგაშო.

სამწუხაროდ, დღეს სკოლებში ჩვენ არ გვაქვს ეროვნული შეფასება, ანუ განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც ადამიანის სკოლის დამთავრება-არდამთავრებას აფასებს. ჩვენ გვაქვს ის შეფასების მოდელი, რომელიც დღეს სკოლებში გვაქვს. აქაც ჩვენ მასწავლებლებს და დირექტორებს მარტო არ დავტოვებთ, ამ შეფასებაში და ეს პირიქითაა, ეს არ არის ჩემი ან ორი ადამიანის გადაწყვეტილება, ეს არის მასწავლებლების მოთხოვნა მრავალი წლის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ ვუპასუხეთ და მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

მათივე ცნობით, გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები.

სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ბალიან სისტემაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი. ასევე, ცვლილებების თანახმად, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება