სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-სა და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, დაკავების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ნეიტრალური მტკიცებულებების გაზრდასთან დაკავშირებით სამსახურმა შსს-ს საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ მან იურიდიულ კომიტეტზე მოსმენისას აღნიშნა.

„არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს სულ 261 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა 52% დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ და მიუთითებდნენ ფიზიკური ძალის არაპროპორციულად და გადამეტებით გამოყენების შემთხვევებზე.

მიზანშეწონილია, შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის/სასწავლო მოდულისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი სტანდარტით დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტაპობრივად და კასკადურად დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა.

მოქალაქესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის ობიექტურად შესაფასებლად აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომლის საუკეთესო საშუალებასაც სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები წარმოადგენს.

მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან სამხრე კამერების ეფექტური გამოყენებით, გაიზარდოს ნეიტრალური მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) მოპოვების შემთხვევები. ერთ-ერთი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას ეხება. საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების გადაგზავნის შემდგომ, „112“ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში აწვდის სამსახურს ვიდეოჩანაწერებს, აუცილებელია ამ ვადების შემცირება და ჩანაწერების მოკლე დროში გადმოცემა, რათა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს.

ასევე, გაიცა რეკომენდაცია, სამართალდამცავმა ორგანომ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს სტანდარტული ოპერაციული წესები/სასწავლო მოდული, რომელიც დაარეგულირებს დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების სტანდარტებს.

აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში აქტიურად თანამშრომლობს”, - აღნიშნა კაციტაძემ.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პენიტენციური სამსახურისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ როგორც ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას გამოვლინდა, პრაქტიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები არ ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უშუალო მონიტორინგს.

„მიზანშეწონილია სამართლებრივ აქტებში მკაფიოდ დარეგულირდეს საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობის, მეთვალყურეობის წესები და დაევალოს პენიტენციურ სამსახურს ასეთი ტიპის პატიმრებზე ზედამხედველობის განხორციელება,“ - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში ასევე, საუბარია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის ხარისხზე. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.

„მიზანშეწონილია, პროგრამით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად - სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, დაიხვეწოს სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასებისას ქულების მინიჭების სქემა, რათა არ მოხდეს ისეთი პატიმრებისთვის დაბალი რისკის განსაზღვრა (რაც ნიშნავს პატიმრის დარჩენას სუიციდის პრევენციის პროგრამის მიღმა), რომლებიც ობიექტურად არიან საშუალო ან/და მაღალი რისკის მატარებელნი,“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზებიც.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მიზანშეწონილია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად შეიმუშაონ და გააუმჯობესონ მათი კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების წესები. სასურველია ინსპექტორის თანამდებობაზე მყოფ პირს გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება და სამართლებრივი აქტით მკაფიოდ გაიწეროს მისი ფუნქცია-მოვალეობები.

ამასთან, მისივე თქმით, მიზანშეწონილია, პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა.

„რეკომენდებულია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში განხორციელდეს ცვლილებები ან დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოიცეს სამართლებრივი აქტი და მკაფიოდ განისაზღვროს ამავე დეპარტამენტში შემავალი ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობები და პასუხისმგებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტროლებასთან დაკავშირებით. ასევე, სასურველია სამმართველოში გამოიყოს კონკრეტული პირი, რომელსაც დაევალება აღნიშნული ფუნქციის შესრულება, რასაც იგი განახორციელებს გარკვეული პერიოდულობით,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში