ანა ნაცვლიშვილი - „ლელოს“ ინიციატივაზე „ქართული ოცნების“ პასუხია, რომ ისინი დაიცავენ რუსებს და არა საქართველოს მოქალაქეებს - ამის „არგუმენტი“ არის აბსოლუტურად სასაცილო

„ლელოს“ მიერ დაინიცირებულ „საქართველოს დაცვის აქტზე“ „ქართული ოცნების“ პასუხია, რომ ისინი დაიცავენ რუსებს და არა საქართველოს მოქალაქეებს,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, „ლელოს“ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 9 პუნქტისგან შედგება და რუსეთის მოქალაქეთა ქვეყანაში შემოსვლის, მათთვის მიწებისა და ქონების მიყიდვის და სხვა სახის შეზღუდვების დაწესებას ეხება.

ნაცვლიშვილის თქმით, მათი არგუმენტები რეზოლუციასთან დაკავშირებით “სასაცილოა”.

“დღეს “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის ბიუროზე ოფიციალურად განაცხადა და დაადასტურა, რომ არ აპირებს დაიცვას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეები და ნაცვლად მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისა, დაცვად დაუდგა ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში, ქართული მიწის და საკუთრების უკონტროლო შესყიდვას ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა მხრიდან და უკონტროლოდ ბიზნესსაქმიანობის განხორციელებას, რაც წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. “ლელოს” მიერ დაინიცირებულ საქართველოს დაცვის აქტზე “ქართული ოცნების” პასუხია, რომ ისინი დაიცავენ რუსებს და არა ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს. ამის “არგუმენტი” არის აბსოლუტურად სასაცილო, რადგან ხელთ მაქვს ამავე პარლამენტში დაინიცირებული არა ასეთი მასშტაბური, მაგრამ მსგავსი შინაარსის რეზოლუცია, რაზეც გაცემული აქვს იმავე საბიუჯეტო ოფისს დადებითი დასკვნა, მაგრამ გამოიცვალა უფროსი და “ლელოს” რეზოლუციაზე გაცემულია უარყოფითი დასკვნა. ჩვენ ამ პროცედურულ ხრიკებში არ შევყვებით მათ, ესაა პოლიტიკურად ნათქვამი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ “ქართული ოცნების” პრიორიტეტია შეუწყოს ხელი რუსეთის კომფორტს ამ ქვეყანაში და არა ის, რომ დაიცვას საქართველოს მოქალაქეები, ქართული მიწა, სამუშაო ადგილები და დაიცვას კრემლისტური პროპაგანდისგან მოქალაქეები,” - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ბიურომ “ლელოს” რეზოლუციის პროექტს - „საქართველოს დაცვის აქტი“ - მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

ბიურომ რეზოლუციის პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა წარადგინა.

როგორც გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპთან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო