ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულ ჰრანარ არნარსონის მხარდაჭერით, რეიკიავიკში, კინოთეატრ Bioparadis-ში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და რომ 8000 წლის წინ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება, რაც უწყვეტად გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, ორმოცწუთიანი ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით.
„რეიკიავიკის ბიზნესცენტრში (Óðinsgata7,101 Reykjavík) და ისლანდიის ღვინის მონოპოლურ კომპანიაში „ვინდბუდინი“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა. ღონისძიებებს, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები დაესწრნენ.
ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია კოპენჰაგენში, დანიაში ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანია Rosfort&Rosfort-სთან ერთობლივი ორგანიზებითაც გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე დაესწრო. სკანდინავიის ქვეყნებში გამართული ღონისძიების აქტიური მხარდამჭერი დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოა.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მარკეტინგული აქტივობების განხორციელება გასული წლიდან აქტიურად დაიწყო. კერძოდ, შვედეთსა და დანიაში, 2022-2023 წლებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.