რომან გოცირიძე უმრავლესობას - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასე დაბრიყვებული რატომ გყავთ?! - კომიტეტის მიერ ყველა იმ პროექტის განხილვის გადავადება ხდება, რაც არ გინდათ, რომ მოსახლეობამ გაიგოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტზე პრესის ინსტრუმენტად არის ქცეული - კომიტეტის მიერ ყველა იმ პროექტის განხილვის გადავადება ხდება, რაც არ გინდათ, რომ მოსახლეობამ გაიგოს, - აღნიშნული განცხადება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე ოპოზიციის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის 60 დღით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

გოცირიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივები განსახილველად კომიტეტებსა და სესიაზე გაიტანონ და თუ მხარს არ უჭერენ, „ჩააგდონ“.

„რატომ გეშინიათ განსახილველად ისეთი საკითხების გამოტანის, რაც არის მტკივნეული? ჩვენს მიერ შემოტანილი ცვლილებები, რომელსაც 60 დღით ავადებთ, ითვალისწინებს იმას, რომ სკოლის დირექტორები, მოადგილეები და მასწავლებლები საარჩევნო კომისიებში აღარ იყვნენ - ბედნიერი იქნებიან მასწავლებლები, რომელთაც მოსწავლეთა მშობლების აღრიცხვა არჩევნებში მისასვლელად აღარ მოუწევთ. ათასობით მასწავლებელია კომისიაში და ახლა მათ ატრენინგებთ, რათა საარჩევნოდ კომისიებში შეიყვანოთ. ისევ ამ მახინჯ პრაქტიკას აგრძელებთ. ეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასე დაბრიყვებული რატომ გყავთ?!“, - განაცხადა გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

გოცირიძის პასუხად კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ საკითხების გადავადება კომიტეტის “მძიმე გრაფიკის“ გამო ხდება.

„ჩვენთვის არის პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები განსაზღვრულია ევროინტეგრაციით - შეეგუეთ ამას! თქვენი საკითხი, რა თქმა უნდა, განიხილება - მოვა მაგის დრო და დაელოდეთ“, - მიმართა გოცირიძეს მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება