პროდასავლური ხმების მობილიზებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათ შორის სწორედ მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ ის აქტიურად აპირებს ჩართვას, მივესალმები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „მიშა არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი გამომხატველი“.
„ქართულ ოცნებაში“ ღრღნიან, ანგრევენ და ვერ დაანგრიეს, რაც აშენდა 2003-2012 წლებში. ამის ავტორი, როგორ შეიძლება პრობლემა იყოს? [მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება] ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის შეკრებას და მობილიზებას მოეხმარება ჩემი აზრით, იმიტომ, რომ პროდასავლური ხმების მობილიზებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ მათ შორის, მიხელ სააკაშვილის აქტიურობას. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ ის აქტიურად აპირებს ჩართვას, მივესალმები“, - განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა „გამარჯვების კოალიციაზე“ და აღნიშნა, რომ სერიოზული სამუშაო პროცესი აქვთ, მუშაობენ ახალ ადამიანებთან იმისთვის, რომ ამ პროცესს შეუერთდნენ, ამასთან ამზადებენ სამუშაო გეგმას და პროგრამას. მან, ასევე, ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა პრობლემებზე და იმაზე, უნდა მოხდეს თუ არა პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გარიცხვა.
„ეს რომ ექვსი თვით ადრე გაკეთებულიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კარგია, რომ ახლა ხდება. ვფიქრობ, რომ ეს თემა დაიხურა, უკვე მიიწურა ეს საკითხი. ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი. პროცედურა, როგორც მე გავიგე იყო შემდეგი: ვინც არ შეუერთდა მანიფესტს, მან თავი დაიტოვა პარტიის გარეთ - როგორც გვეუბნებიან, ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. რაც გინდათ, ის დაარქვით ამ საკითხს. ჩემთვის ნათელია ყველაფერი. მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ იქნება ტურბულენცია, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ეს თემა დახურულია, აღარ არსებობს“, - განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძე სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესსაც გამოეხმაურა და ისაუბრა იმაზე, ჩაერთვება თუ არა რეკომენდაციების შესრულებისთვის სამუშაო პროცესში.
„მე ნანახი არ მაქვს 9 პუნქტის სამოქმედო გეგმა და არც არავის აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, ჯერ ევროპაში გაიგზავნა და აგერ, გვერდზე საქართველოში ჩვენ ვერ გაგვიმხილეს ეს ამბავი? ეს ხომ ფარსია, ისევ და ისევ მაიმუნობენ. მოკლედ, ყელშია ამოსული მათი მთელი ეს ქმედებები. ამიტომ, როგორ გითხრათ პასუხი, რას ვიზამ იმ დოკუმენტზე, რომელიც არ მინახავს. გამოქვეყნების შემდეგ რომ წავიკითხავ, აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტს მალავენ, საერთოდ არაფერ მოლოდინს არ მიქმნის. ღიად ვთქვათ, საქართველოში 2024 წლის არჩევნები იქნება სამუშაო ჯგუფიც და ყველაფერი, რომელიც განსაზღვრავს ამ ქვეყნის ბედს. ხელისუფლებაში თუ მოვდივართ ჩვენ და აუცილებლად მოვალთ „გამარჯვების კოალიცია“ სხვა პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, მყისიერად მოხდება ის, რომ ამ პუნქტებს სამ თვეში შევასრულებთ, რაც არის რეკომენდაცია. მთავარი რეკომენდაცია ხელისუფლების ცვლილების რეკომენდაცია შესრულებული იქნება და დავიწყებთ ძალიან სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირში. პირობას გაძლევთ, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გავწევრიანდებით, ოღონდ „ქართული ოცნების“ პირობებში ეს არასდროს მოხდება. ჩვენ შემთხვევაში, ეს აუცილებლად მოხდება. ვიცით,რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, „რუსული კანონი, რომ გაეტანათ, კანდიდატის სტატუსზე ვერც ვიოცნებებდით“. დეპუტატის თქმითვე, „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსთან არაფერ შუაშია. მისივე თქმით, ევროკავშირმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და ბოლო მოუღო, მდინარაძის, კობახიძის, კალაძის, ღარიბაშვილის „ქოცურ, პრორუსულ ნარატივებს“.
„თვითონ ეს ხალხი არ ამბობდა იმას, რომ ომს თუ დავიწყებთ, მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო? სად არის ომი? ვეკითხები ამ ადამიანებს, მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში? - მდინარაძეს და კობახიძეს ვეუბნები: რომ ამბობდით, სათაგურია, სათაგურიაო, ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსსო? კალაძე არ ამბობდა, თქვენთვის დაიტოვეთ სტატუსი, არაფერში გვჭირდებაო? ორღობის, გაუნათლებელი ადამიანი, ეს მართლა ბანძი...
გაგახსენებთ და გეტყვით, მე ვიყავი გამარტივებული სავიზო რეჟიმი რომ დაიწყო ევროკავშირთან მაგ მოლაპარაკებებში ჩართული და სამოქმედო გეგმა მოგვცეს. ასე კი არ იყო, ესენი რომ ჭიდაობენ ახლა, 12 პუნქტს არ შევასრულებ, იმას და ამას შევასრულებო. წამოვიღეთ ეს სამოქმედო გეგმა, ეს იყო დაახლოებით 2008 თუ 2009 წელი. 6 თვეში უზარმაზარი სამოქმედო გეგმა ჩავუტანეთ შესრულებული. მათ თქვეს, რომ 2010 წლამდე არ უნდა შეგესრულებინათო. მე ვუთხარი, რანაირად, 6 თვე გავიდა, ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ. იქ იყო "ონლაინში" პროცედურების აწყობა, კანონები მისაღები და ყველაფერი. მერე ჩავდივართ და ვეუბნებით, ეს ხომ გავაკეთეთ, ახლა უვიზო მიმოსვლაზე მოგვეცით თუ შეიძლება სამოქმედო გეგმა. თქვენ ახლა უვიზო მიმოსვლაზე სამოქმედო გეგმა რომ მოგცეთო, შემდეგ 6 თვეში ჩამოხვალთ და გვეტყვით შესრულებულიაო. ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, უვიზო უნდა მოგცეთო. ეს იყო ჩვენი ხელისუფლება, ამათი ხელისუფლება ეჭიდავება „ოროსანი“ ბავშვივით, "ე, ბიჭო გააკეთე", "ე, ბიჭო, წაიკითხე". როგორც კალაძე არის უწიგნური, ისეთი უწიგნურია ეს ხელისუფლებაც“, - განაცხადა ვაშაძემ.