საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კლაუს ჰიპმა კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ გერმანელ ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელს, სტუ-ის საპატიო დოქტორ კლაუს ჰიპს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დიზაინის საერთაშორისო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობს სიგელი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კლაუს ჰიპი შეხვდა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს. მეცენატმა, წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის გამოაცხადა კონკურსი.

როგორც ფაკულტეტის მენეჯერი ნინო ახობაძე აცხადებს, კლაუს ჰიპმა დაათვალიერა სტუდენტების ნამუშევრები და კონკურსში გამარჯვებულებს წლის ბოლომდე დაასახელებს.

„უკვე მრავალი წელია, კლაუს ჰიპი თვითონ ირჩევს რამდენიმე სტუდენტს და იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. პრაქტიკანტი სტუდენტები იღებენ მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას. მათ საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო თუ ლოჯისტიკურ განყოფილებებში. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები ნია გალეგაშვილი და თამარ ბახტაძე გაემგზავრნენ. ისინი ამ ეტაპზე მიუნხენში არიან და ერთ-ერთი უძველესი ტაძრის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობენ. მონასტრის საკონფერენციო დარბაზისთვის, ჩვენი სტუდენტების შექმნილი ნამუშევრები, მუდმივად იქნება გამოფენილი. მომავალ წელს კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი გაემგზავრება გერმანიაში“, - განაცხადა ნინო ახობაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურს, რომლის გამარჯვებულები მიდიან გერმანიაში. ამ პროექტის ფარგლებში 30-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. ასევე, სტუ-ისა და HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ს შორის განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი კომპანიას პერიოდულად მიაწვდის დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სიას, საიდანაც კომპანია ორივე საფეხურის 2-2 სტუდენტს შეარჩევს. სტუდენტები სამი წლის განმავლობაში სტაჟირებას HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ში გაივლიან.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა