პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა კულტურის კომიტეტის საქმიანობასა და საკონსულტაციო საბჭოს როლზე.

„მიხარია, რომ დატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგის ფონზე, ყოველთვის არის მომენტი, როდესაც კულტურაზე და ისეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, რომელიც საბოლოო ჯამში არის ქვეყნის, ერის, საზოგადოების განვითარების საფუძველი. ამიტომ განსაკუთრებით ვაფასებ კულტურის კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას, სწორედ ეს არის პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მაგალითი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში კულტურის კომიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, კულტურას და ხელოვნებას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ქართველობის იდენტობის ნაწილს და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

„მსურს გამოვხატო მხარდაჭერა კულტურის სფეროს მიმართ, წარმატებები ვუსურვო საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემით და გააზრებით, მჯერა, რომ უფრო ჰარმონიულ, განათლებულ და წარმატებულ საზოგადოებას ავაშენებთ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ კულტურისა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ კულტურის დიპლომატია წარმოადგენს.

მისივე თქმით, 2024 წელს, პარლამენტი სახელოვნებო განათლების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

„დღევანდელ მსოფლიოში, ერების დაახლოების კონტექსტში კულტურა დიდ როლს თამაშობს. სხვადასხვა იდენტობის მქონე ერების კულტურული თანამშრომლობა ამდიდრებს ერთიანი ევროპის იდეას და გლობალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ხედვა გულისხმობს კულტურის სფეროს განვითარებას და ხელშეწყობას ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს შემდეგი საკითხები: სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში; ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედებითობის ამაღლება თანამედროვე სამყაროში; კულტურის მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში; კულტურის როლი სამშვიდობო პროცესებში.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა.

პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: იუნესკოს ყოფილი გენერალური დირექტორი, სამეცნიერო მისიებისა და მდგრადობის გლობალური კომისიის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა, შვეიცარიის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, ჟენევის უშიშროების პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული ექსპერტი დავით ჩიკვაიძე, ლიდერობის, კულტურისა და განვითარების პროფესორი ღასან ხალილი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ვალვო, ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე