სტუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის „პაციენტთა ასოციაციამ“ „ჩვენ დავამარცხეთ C“ და „ახალმა ვექტორმა“ B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩაატარა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პაციენტთა ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ ორგანიზებით და პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით, ტესტირების კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პაციენტთა ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის, ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძის განცხადებით, C ჰეპატიტი ვერაგი დაავადებაა და ძნელად გამოსავლენი. სწორედ ამიტომაც ტარდება ტესტირების კვირეული ევროპაში, რომელსაც უკვე მეათე წელიწადია, საქართველოც უერთდება.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეად"-ის მხარდაჭერით. C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ. პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია 2 წელი, ამიტომ, ჩვენ აქტიურად გადავადგილდებით ქვეყნის მასშტაბით და ვატარებთ სკრინინგს B და C ჰეპატიტის ვირუსზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, რაც მათ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს“, - განაცხადა ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიური საბჭოს წევრის, ზაზა სოფრომაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოხარულია ისეთ ფართომასშტაბიან კამპანიის პროცესში ჩაერთოს, როგორიცაა ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამა.

„სკრინინგის გარდა, აუცილებლად უნდა „დავუგდოთ ყური“ საკუთარ ორგანიზმს და პატარა სიგნალიც კი არ გავატაროთ უყურადღებოდ. ამას მხოლოდ ექიმები არ გვეუბნებიან, ამაზე დაუზარლად ლაპარაკობენ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯოჯოხეთური გზა გაიარეს C ჰეპატიტთან ბრძოლაში და ახლა ცდილობენ, საინფორმაციო კამპანიით სხვებს დაეხმარონ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ საქართველოს რეგიონებში ატარებს კამპანიას. ამჯერად ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ჩაუტარეს სკრინინგი. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოფილი პაციენტები არიან. მათ დღეს სტუდენტებს გააცნეს საკუთარი ისტორიები, ისაუბრეს ვირუსზე, რომელიც ელიმინაციის პროგრამის წყალობით დაძლიეს. კამპანიის ფარგლებში ყოფილ პაციენტებს სურთ სხვებს დაეხმარონ ამ უხილავი და ვერაგი მტრის დამარცხებაში“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება