ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა კვლავაც გააქტიურდეს - არის გარკვეული ღია საკითხები, რომლებზეც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, მივაღწევთ პროგრამის აქტივატიზაციას ჩვეულებრივ რეჟიმში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„IMF-ის პროგრამა ჯერ ეს ერთი, არ არის შეწყვეტილი. მისი მეორე მიმოხილვის წარდგენა ბორდზე არის გადადებული და ეს მოხდა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში. ჩვენ გვაქვს მათთან მუდმივი კომუნიკაცია და ძალიან ღრმად რომ არ წავიდე, ჯერჯერობით, დეტალებში, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილებით იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში პროგრამა აღდგეს. ვმუშაობთ ამისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვათვიცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეფექტური მოქმედი პროგრამა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ასევე, იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენთვის ატარებს ზოგადად, გლობალური ინვესტორების წრე, იმიტომ რომ მათ თვალში ჩვენი საიმედოობის ელემენტიც არის ეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროგრამა კვლავაც გააქტიურდეს, დაუბრუნდეს ჩვეულებრივ მსვლელობას და სხვათა შორის, ასეთივე მზადყოფნას ვხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. არის გარკვეული ღია საკითხები, რომლებზეც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ, საბოლოო ჯამში, მივაღწევთ პროგრამის აქტივატიზაციას ჩვეულებრივ რეჟიმში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, სავალუტო ფონდმა 40 მლნ-იანი პროგრამა საქართველოს ზაფხულში შეუჩერა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა“ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მათივე ცნობით, პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა. ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია.