საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაცია იმყოფება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაციას, პროფესორებს: ფენგ ქსიონგს, მა ფენგინს და გე იანქსიას, შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამომავლო გეგმები განიხილეს.

როგორც სტუ-ის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის ექვს უნივერსიტეტთან, მათ შორის, ლანჯოუს, სიჩუანის, ხანგოუს ეძიან კუნშანგის, გუიჯოუს, ჟეიჯანგი ვანლის, ტიანძინის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების უნივერსიტეტებთან და სოციალური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში არის ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო უმაღლესი სკოლა. უნივერსიტეტში 2018 წლიდან ფუნქციონირებს ჩინეთის კვლევითი ცენტრი, რომლის ბაზაზე ჩინურ ენას წელიწადში 50-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.

უნივერსიტეტის მეცნიერებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიღებული აქვთ საერთაშორისო კონფერენციებში. ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენცია სტუ-მ ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარა.

წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, დავით გურგენიძემ უნივერსიტეტში ვიზიტად მყოფ სიჩუანის და ლანჯოუს უნივერსიტეტების დელეგაციებს უმასპინძლა. წელსვე, პირადად მე, უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი სიჩუანის უნივერსიტეტში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში უახლოეს მომავალში დავიწყებთ, ეს ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაა. კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ფუნქციასაც იტვირთებს და ამას გარდა, ნაყოფიერად და აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ჩინეთის კვლევების ჩვენს საუნივერსიტეტო ცენტრთან, ასევე, უნივერსიტეტის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და ცენტრთან. ამდენად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებს ჩინეთის საგანმანათლებლო სივრცის წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საწინდარია სამომავლოდ სტუ-სა და ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტს შორის. წარმატებები მინდა ვუსურვო ქართველ და ჩინელ მეცნიერებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა კვლევებში“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სალექციო კურსების შემუშავების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებასა და მაღალი ტექნოლოგიების ერთობლივად დანერგვას ხელს შეუწყობს. ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვედრისა და საინტერესო სამომავლო გეგმების დასახვისათვის მადლობა გადაუხადეს. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტი მზადაა სტუ-სთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და კვლევების ჩატარებისთვის.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს