ზვიად ქორიძე - 9 დეკემბრის მარშს ექნება ერთადერთი სათქმელი - ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად უნდა ევროკავშირი - თუ არიან პარტიები, ვისი დღის წესრიგი ამაზეა ორიენტირებული, ისინიც მოვლენ, პრეზიდენტმა დააფიქსირა, რომ მარშს შეუერთდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროსის, ზვიად ქორიძის განცხადებით, ხელისუფლებამ არათუ არ გაატარა რეფორმები, არამედ გააძლიერა პრობლემები, რომელიც საქართველოს ახლა წინ უდგას, როგორც წინაღობა ევროკავშირის გზაზე. როგორც ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, ფიქრობს, თუ როგორ მოიგოს არჩევნები.

„მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. იმედი მაქვს, ამ საკითხზე ბრიუსელის შეხვედრაზე კონსენსუსი შედგება, მაგრამ ამის შემდეგ იწყება უფრო მნიშვნელოვანი პროცესი. თუ გვინდა იმ სტადიაზე გადავიდეთ, რომელზეც უკრაინა და მოლდოვა იმყოფებიან, როდესაც საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, აქ უკვე მნიშვნელოვანია რეკომენდაციები შესრულდეს. მთავრობისთვის ეს ძალიან რთული იქნება იმიტომ, რომ მათ რეკომენდაციების შესრულება უნდა დაიწყონ დეკემბრიდან და მთელი წლის განმავლობაში გააგრძელონ. ეს წელი მათთვის არის სარჩევნო წელი. ისინი ფიქრობენ არა იმაზე, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებით წაადგნენ ქვეყანას, არამედ ფიქრობენ, მოიგონ არჩევნები. თავისთავად, ნებისმიერი ეს რეფორმა არის ის პრობლემური საკითხები, რომელიც ამ მთავრობის პირობებში არსებობს. „ქართულ ოცნებას“ თუ ჰქონდა სურვილი ეს ყველაფერი მოეგვარებინა, 11 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა. ეს ნიშნავს, რომ 11 წელი არათუ არ მოაგვარა, არამედ პირიქით, გააძლიერა პრობლემები, რომელიც გვიდგას, როგორც წინაღობა ევროკავშირის გზაზე“,-განაცხადა ქორიძემ.

მისი თქმით, რომ არა ქართული საზოგადოების ასეთი შეუპოვარი და მიზანმიმართული სწრაფვა ევროკავშირისკენ, ალბათ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსიც არ იქნებოდა დღის წესრიგში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 9 დეკემბერს, მარშზე „შენი ხმა ევროკავშირს“, ელოდებიან როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე პოლიტიკოსებსაც.

„როგორ შეიძლება აქ რაიმე ტიპის გრადაცია გააკეთოს ვინმემ და ვინმეს შეუზღუდოს გამოსვლა, თუ მას უნდა, რომ თავისი ხმა ევროკავშირისკენ გააგზავნოს და მიიღოს მონაწილეობა ამ სიმბოლურ მარშში, რომელსაც ექნება ერთადერთი სათქმელი- ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად უნდა ევროკავშირი.

თუ არიან პოლიტიკური პარტიებიც, ვისი დღის წესრიგიც ამაზეა ორიენტირებული, რა თქმა უნდა, ისინიც მოვლენ.

პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ამ მარშს შეუერთდება“,-განაცხადა ქორიძემ.

როგორც მან განმარტა, არავის უთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი შეიძლება რაიმე ფორმით შეიზღუდოს, თუმცა, არის კითხვის ნიშნები უკრაინასთან დაკავშირებით.

„უნგრეთი კონკრეტულ პირობებს აყენებს, თუმცა, ამ მოთხოვნის საპირწონედ, ის კიდევ სხვა მოთხოვნებსაც აყენებს. შეიძლება ეს იყოს საქმიანი და ბიუროკრატიული მსჯელობა, რა, რის სანაცვლოდ შეიძლება დათმოს უნგრეთმა, მაგრამ გადაწონის თუ არა ეს დისკუსია საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს ჯერჯერობით, ღიად არავის უთქვამს“,-განაცხადა ქორიძემ.

მისი თქმით, უნგრეთი არ ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, მაგრამ ამ საკითხზე თავისი მოსაზრება აქვს, რომელიც მხარდაჭერილი არ არის. ზვიად ქორიძის განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმ განწყობაზე, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოებს აქვთ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში