90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას, საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
დავით ფაცაციას განცხადებით, არასდროს განმეორდება ის ტრაგედია, რომელსაც უამრავი ჩვენი გმირი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
„პატივი მივაგეთ, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.
მადლობას ვუხდი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ქართულ-აფხაზურ მხარეს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით 1990-იანი წლების ტრაგიკული მოვლენების დროს და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული არაერთი ადამიანის ნეშთის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა.
უდიდესი ტკივილია ოჯახის წევრის, ახლობლის გაუჩინარება, როცა სანუგეშოდ საფლავიც არ გაქვს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაადგინოს მათი დაკარგული ახლობლების ხვედრი, ადგილსამყოფელი და დაასრულოს ხანგრძლივი და მტანჯველი მოლოდინი.
არასდროს განმეორდება ის ტრაგედია, რომელსაც უამრავი ჩვენი გმირი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ, ქართველები და აფხაზები განწირულები ვართ ერთად ცხოვრებისთვის და მწამს, რომ მშვიდობით და ერთმანეთის ნდობით შევქმნით სიყვარულზე დაფუძნებულ ახალ, ძლიერ ერთობას.
ვუსამძიმრებ გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი გმირი თანამოქალაქეების ხსოვნას!”, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 17 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.