ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას ტოვებს. გადაწყვეტილების შესახენ ნიკა მელია ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო პრინციპები, მაგრამ მიიღო "ყრუ კედელი".

მელიას შეფასებით, შეიქმნა "მოჯადოებული წრე" და "მანკიერ წრეში" დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე.

ნიკა მელიას თქმით, მაშასადამე, მიდის წინ მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში.

ამასთან, მელიას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა და დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა.

„ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება, საქართველოს უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს. მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწმყო.

ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლატფორმებიდან და ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება.

ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხის და ჩემი ქვეყნის ინტერესისა.

11 წლის თავზე, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, მხოლოდ ფულსა და არაფორმალურ ინტერესებზე, გვაქვს გახრწნილი პოლიტიკური სისტემა, სადაც გასაქანი არ ეძლევა პატიოსნებას, წესიერ, გამოცდილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ზნეობრივ და გულწრფელ პოლიტიკას, იდეალისტებს.

მოსყიდვა და პოლიტიკური ვაჭრობა არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის საფუძველი და სამწუხაროდ, თამაშის ეს წესები მიიღო პოლიტიკოსების არცთუ ისე მცირე ნაწილმა.

ისინი ცდილობენ ამორალურობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, პოლიტიკაში წარმატების წინაპირობად. ამ სტანდარტის გამზიარებელი პოლიტიკოსები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პრინციპების დათმობით უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე პრინციპების ერთგულებით და მერე ყველა ასეთი პოლიტიკოსი ერთად, ამაში ცდილობს დაარწმუნოს ხალხი;

დღეს ბევრი თქვენგანი ფიქრობს, ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, მაღაზიაში - კი არ ვარგა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ვერ მოერევი, ცუდია, მაგრამ ფული აქვს ბევრი და ვერ მოერევი.

მე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, უღირსობის უღირსობით, პოლიტიკური კორუფციის დამარცხება შესაძლებელია პოლიტიკური კორუფციით, არ მჯერა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა მარცხდება პოლიტიკური ვაჭრობით. მე მჯერა, რომ სისტემური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება სუფთა წარსული, რეპუტაცია, ცოდნა, პატიოსნება, გამბედაობა - აი, ეს არის გამარჯვების ახალი გზა და არა პოლიტიკურ ვაჭრობებში ჩართვა, ეს არის ჩემი პოლიტიკური იდეალები, ეს არის ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო (გაემარჯვა ამ პრინციპებს) ეს პრინციპები, მაგრამ მივიღე ყრუ კედელი.

შეიქმნა მოჯადოებული წრე, რომელიც ითვალისწინებს ყველას ინტერესს, გარდა ხალხის ინტერესისა. ამ მანკიერ წრეში დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე.

პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი დღეს არის ფული, მე კი მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე, სიტყვის ფასი, გულწრფელობა.

სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა. ეს პარტიაც პოლიტიკაში გამდიდრებულმა ადამიანებმა გადააქციეს ვიწრო კლუბურ მოძრაობად.

ვიცი რა ხდება თქვენს გულებში, ჩემს გულშიც იგივე ტრიალებს. თქვენ რომ დაკარგეთ ნდობა პოლიტიკური კლასის, მეც ასევე დავკარგე პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის ნდობა. ახლა მაქვს ორი არჩევანი - ან ვითვალთმაქცო ისე როგორც უმეტესობამ, მოვირგო ეს ნიღაბი და ნიღბით ვიყო, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი, საკუთარ თავთან და თქვენთან მართალი. ან უნდა მივიღო პოლიტიკური კორუფციული თამაშის წესები ან დავრჩე ხალხთან და ერთად შევცვალოთ ეს თამაშის წესები.

დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ყოველთვის იმაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე ვინმემ შეიძლება ხალხი იყიდოს. მართალი ხალხი - არ იყიდება, ჩვენ კი პოლიტიკაში მათთვის სივრცე უნდა გავაჩინოთ.

ყველა ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში იქნება, მიიღებს ინდივიდუალურ, სინდისით ნაკარნახებ გადაწყვეტილებას და ვიქნებით ძალიან ბევრნი, სწორი ადამიანების ღირებულებით ერთობაში და ვივლით წინ მომავლისკენ და დავამარცხებთ ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას.

მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში.

ამ ქვეყანაში ოლიგარქიას სურს დაწეროს საქართველოს ისტორია, მაგრამ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო