ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ მხრიდან მილიონი ხელოვნური ბარიერი არსებობს და იარსებებს, რომ დისკომფორტი შეუქმნას პარტიებს - ნებისმიერ ბარიერზე მოვნახავთ გასაღებს და გადავლახავთ

„ქართული ოცნების“ მხრიდან მილიონი ხელოვნური ბარიერი არსებობს და იარსებებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას პარტიებს იმ ამოცანებისთვის, რაც საჭიროა - ხან რა ბარიერს იგონებენ, ხან რას, სურთ, ოპოზიციას რაც შეიძლება გაურთულონ ცხოვრება - გვაქვს ჩვენი თავის და ხალხის იმედი, რომ ნებისმიერ ბარიერზე მოვნახავთ გასაღებს და გადავლახავთ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია მხოლოდ ამ პარტიის წევრებისგან ან იმ პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც სხვა პარტიის წევრები არ არიან.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხიდან ტექნიკურ გამოსავალს იპოვიან.

„ტექნიკურ გამოსავალს ვიპოვით. ვებრძვით სისტემას, რომელიც კანონს იყენებს ტექნიკური მანიპულაციისთვის. კარგად გვესმის, რაც არ უნდა მოიფიქრონ, გამოსავალი არსებობს. ამაზე გვიფიქრია. ვერაფერი შეაფერხებს ჩვენი და „გირჩის“ ერთად მუშაობას როგორც ამომრჩეველთან და იმ პროექტებზე, რითაც ვართ დაკავებული. შექმნის ტექნიკურ სირთულეებს, თუმცა გარანტიას ვიძლევი, გადავლახავთ და ეს ჩვენთვის ბარიერი ვერ იქნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გარდა ამისა, ხოშტარიამ ისაუბრა კანდიდატის სტატუსის საკითხზე.

როგორც მან აღნიშნა, პროცესი მიმდინარეა და ამიტომ ზუსტ პროგნოზს ვერავინ იტყვის, თუმცა უკრაინის გაწევრიანების შესახებ ორბანის პოზიციაზე ხოშტარია ამბობს, რომ „ამან პროცესი გაართულა“.

„ვხედავთ, რომ უკრაინის ინტერესებს არაერთი აქტორი ებრძვის. ორბანი ჩამოყალიბდა ამ საკითხში რუსეთის ინტერესების გამტარად. ორბანი წარმოადგენს პრობლემას. სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანასთან თავდასხმით და აგრესიით ლაპარაკობს და ომში ჩართვის ბრალდებებს ისვრის მათი მიმართულებით. ერთადერთი პარტნიორი ჰყავს ორბანი, რომელიც ობიექტურად ჩამოყალიბდა პრობლემად ევროპაში და განხეთქილების საკითხად. ვერავინ იტყვის ზუსტ პროგნოზს. ახლა მიმდინარეა ეს პროცესები, ვერ ვიტყვი, როგორ შეიძლება ეს დასრულდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამან პროცესი გაართულა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უნგრეთში ვიზიტს, როგორც ხოშტარია ამბობს, მოლოდინი ვერ ექნება, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ დღის წესრიგს გულშემატკივრობს“.

„იმის მოლოდინი ვერ მექნება, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ დღის წესრიგს გულშემატკივრობს. სტატუსის რეკომენდაციამდე ყველაფერი გააკეთეს - ლანძღვა ევროპელი პარტნიორების; დაბრალება, რომ ომში უნდათ ჩვენი ჩათრევა; რომ სტატუსი არაფერს წარმოადგენს და სიმბოლურია; ყველაფერი, რაც დაგვიწერეს რომ არ გავაკეთოთ, ის გააკეთეს - იმპიჩმენტის, მურუსიძის დაწინაურების და გვარამიას დაჭერის ჩათვლით. ამიტომ არ მჯერა იმის, რომ „ქართული ოცნება“ სადმე ლობირებს სტატუსს ან ევროპულ დღის წესრიგს. ერთადერთი ის ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან და ორბანთანაც მოლაპარაკებები ექნება, რომლის შინაარსსაც დღეს ვერ გავიგებთ, რადგან ეს არაგამჭვირვალე პროცესია“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ასევე უპასუხა კითხვას, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „იმ თემებზე დროის დახარჯვა, რასაც ივანიშვილი მოიგონებს და კობახიძეს ათქმევინებს, არასწორია“.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, ხოშტარია ამბობს, რომ სურს „ნაცმოძრაობა“ სწრაფად მოვიდეს ფორმაში, რათა „სისტემასთან ბრძოლაზე“ გადაერთონ.

„სამზარეულოს მხოლოდ ჩემსას ვიცნობ, სახლში. ამიტომ ვერ ვიტყვი, რა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. არანაირი დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად იყოს ფორმაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი ის ხალხი, ვისაც ენერგია აქვს „ქართულ ოცნებასთან“ და რუსულ ინტერესებთან ბრძოლის, რომ გადავერთოთ სისტემასთან ბრძოლაზე. ესაა ჩემი სურვილი და მოლოდინი. ყველას მოგვიწევს გარკვეული ტიპის თანამშრომლობა. განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომ „ნაცმოძრაობასთან“ საარჩევნო კოალიციაში არ შევალთ, თუმცა ამ ბრძოლაში მთელი რიგი საკითხებია, სადაც აუცილებელია, კოორდინაცია გვქონდეს. ამიტომ, ვისურვებდი, რომ მალე მიიღოს ამ დაპირისპირებამ თავისი სახე. გავიგოთ, ვინ სად მიდის და ვინ სად რჩება და გადავეწყოთ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ფორმატში“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ