ირაკლი ქარსელაძე - კახეთის მაგისტრალის 4 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.

უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა.

„თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.

35 კმ-იანი მაგისტრალური გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონოდათ დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. შედეგად, ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზა სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.

„მაღალი პროგრესია საგარეჯოს შემოვლითის მონაკვეთზეც, სადაც გზის ნაწილი მოყვანილია ქვედა საფარში, სამუშაოები გრძელდება და მომდევნო წელს დასრულდება. ასევე, წელს დავიწყეთ მსოფლიო ბანკის სესხით დაფინანსებული პროექტის - საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა. სამუშაოები გეგმის შესაბამისად ვითარდება და აღნიშნული მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წელს არის განსაზღვრული“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, გრძელდება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა, გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია და ომალოს გზის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება