„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დღეს, 12 დეკემბერს, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები.
„მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის, 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ვანის ქუჩიდან შალიკაშვილის ხიდამდე, ერთდროულად 35 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად, ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 12 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან 13 დეკემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში - წერეთლის, აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილს, გაფრინდაშვილის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, ბაქრაძის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ერისთავის, მაიაკოვსკის, პაიჭაძის, აბულაშვილის, ბაქრაძის, ვანის, კერესელიძის, კედიას, გვეტაძის, ფიფიას, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ქურდაიანის, ცაბაძის, საირმის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნისა და მიმდებარე ქუჩებს. გელოვანის, რობაქიძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თევდორე მღვდელის ქუჩების ნაწილსა და თევდორე მღდვლის II ჩიხს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.