ლევან დავითაშვილი - საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ ენგურჰესი წარმატებულად ფუნქციონირებდეს და ამასთან, ჩვენს ენერგოპოტენციალს სხვა პროექტების განხორციელების კუთხით ვავითარებდეთ

ენერგეტიკულის გარდა, ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათი ძაფია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის, ვფიქრობ - წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე ენგურჰესი იმედისმომცემია, რომ ჩვენ ერთ დროს შევძლებთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა შორის კავშირებს აღვადგენთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ენგურჰესის, როგორც ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ენერგო-ობიექტის და ზოგადად, ენერგეტიკის დარგის, ამ მხრივ საქართველოში არსებული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ენგურჰესი ქვეყნის გენერაციის 1/3-ზე მეტს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემის სტაბილურობისთვის.

ასევე ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.

„ენგურჰესი იმის მაჩვენებელია, რომ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები ვაშენოთ, ვმართოთ და ქვეყნის ენერგეტიკა განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით განვითარდეს. საქართველოს ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. თუმცა, დღეს ჩვენთვის ენერგეტიკა პრიორიტეტული დარგი და მიმართულებაა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამინისტროც ენერგოპროექტების, ასევე კერძო საშუალო და მცირე პროექტების განვითარების მიმართულებით. მაგრამ ასევე, არცერთი წუთით შეგვიჩერებია მუშაობა მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განვითარების კუთხით, როგორიცაა, მაგალითად, ხუდონჰესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ენგურჰესის ეფექტურად მუშაობასთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ცნობით, ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ეს პროექტები, უკვე ახლებურად გააზრებული, ახალი დიზაინით და უფრო ეფექტიანად განხორციელდეს და ქვეყნის ენერგოპოტენციალი მეტად იქნას ათვისებული - რათა საბოლოოდ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწიოთ. ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად არასტაბილური ვითარების და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ენერგოდამოუკიდებლობას ალტერნატივა არ აქვს, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა კი შეიძლება ვითარდებოდეს მხოლოდ ენერგორესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში.

ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ჰესის თანამშრომლები, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების და ენერგოსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს „საპატიო ენგურჰესელები“ - სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთან, გაიმართა ენგურჰესის ისტორიისადმი მიძღვნილი, თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია და ჩვენება.

„ჩვენ საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ უპირველესად, შევინარჩუნოთ ეს მნიშვნელოვანი ობიექტი, წარმატებულად ფუნქციონირებდეს და ამასთან, ვავითარებდეთ ჩვენს ენერგოპოტენციალს სხვა პროექტების განხორციელების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება