განვითარებადი აზიის 2023 წლის ზრდის პროგნოზი 4.9%-მდე გაიზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გაზარდა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთში ძლიერი შიდა მოთხოვნით გამოწვეული მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო,- ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის ეკონომიკის ზრდა წელს 4.9%-ით არის მოსალოდნელი, სექტემბერში ნავარაუდევ 4.7%-თან შედარებით, ნათქვამია აზიის განვითარების პროგნოზის 2023 წლის დეკემბრის გამოცემაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. მომავალი წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-ზე შენარჩუნდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკის ზრდას წელს 5.2%-ით ელოდებიან, აქამდე ნავარაუდევი 4.9%-ის ნაცვლად, რაც გამოწვეულია მესამე კვარტალში საოჯახო მოხმარებისა და სახელმწიფო ინვესტიციების ზრდით. ინდოეთის ზრდის მოლოდინი 6.3%-დან 6.7%-მდე გამყარდა, რაც შედეგად მოჰყვა ივლის-სექტემბერში მრეწველობაში დაფიქსირებულ ორნიშნა, მოსალოდნელზე ძლიერ ზრდას. ცვლილებებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ინდოეთის ეკონომიკებში შეცვალა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის შემცირებული პროგნოზი, რაც ადგილობრივ მრეწველობაში არასახარბიელო მდგომარეობით იყო გამოწვეული.

„განვითარებადი აზია განაგრძობს ძლიერ ზრდას მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა. ინფლაცია რეგიონში თანდათან კონტროლს უბრუნდება. რჩება ისეთი გლობალური კლიმატური მოვლენებისგან გამოწვეული რისკები, როგორიცაა ელ-ნინიო. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მთავრობები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ განვითარებულ მოვლენებს, რათა უზრუნველყონ ეკონომიკების მედეგობა და მდგრადი ზრდა“,- განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, აზიის განვითარების პროგნოზის 2023 წლის დეკემბრის გამოცემის მიხედვით რეგიონის ინფლაციის პროგნოზი წელს 3.6%-დან 3.5%-მდე შემცირდა. მომავალი წლისათვის ინფლაციის 3.5%-დან 3.6%-მდე მატებაა მოსალოდნელი.

„სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზრდის პროგნოზი წელს 4.6%-დან 4.3%-მდე შემცირდა პროდუქციის ექსპორტზე შესუსტებული მოთხოვნის გამო. კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი მცირედით გაიზარდა, ხოლო წყნარი ოკეანის რეგიონში უცვლელი დარჩა.

ეკონომიკურ პერსპექტივებს საფრთხეს უქმნის განუწყვეტლივ მზარდი საპროცენტო განაკვეთები აშშ-სა და სხვა მოწინავე ეკონომიკებში, რამაც შესაძლოა გაზარდოს ფინანსური არასტაბილურობა რეგიონის მყიფე, განსაკუთრებით კი მაღალი ვალის მქონე ეკონომიკებში. ელ-ნინიოს რთული კლიმატური პირობებით ან რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა მიწოდების ჯაჭვების რღვევამ შესაძლოა გაამწვავოს ინფლაცია, განსაკუთრებით საკვებსა და ენერგორესურსებთან მიმართებაში.

ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში