თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში; გარდა ამისა, მერის განცხადებით, რეგულაცია მთელი ქალაქის მასშტაბით არ იმოქმედებს.
„აღნიშნული მანქანების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე, აგვისტოში.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია საერთოდ არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო შემთხვევები ცხადია დაკავშირებულია აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან, როგორიცაა მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს - პირველ შემთხვევაზე, 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით.
მერის განმარტებით, შეზღუდვა საწყის ეტაპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც კანონპროექტის დეტალები განიხილეს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს აღნიშნული რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის როლი დღევანდელ ეკონომიკაში, ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც არსებითად დააზიანებს, როგორც თავად ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, პოტენციური მყიდველის კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხის დეტალები შესაბამის სექტორთან და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია წარუდგინოს თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად.