საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა მიერ დაარსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა მიერ დაარსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სტიპენდია შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ინიციატივით და არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ პოზიციას.

„მოხარული ვართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა სახელით, გამოვაცხადოთ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის სასწავლო სტიპენდიის დაარსება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, აღნიშნული ინიციატივით, გამოვხატავთ ჩვენს ერთგულებას განათლების კონსტიტუციური უფლების და მასზე ყველას ხელმისაწვდომობის მნიშვნელობისადმი.

ხშირ შემთხვევაში, სტუდენტთა სოციალურ-ეკონომიკური ფონი, სათანადო საცხოვრებელი პირობების არარსებობა ან/და ყოველდღიური ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით სასწავლო და სამუშაო პროცესის შეთავსების აუცილებლობა, ქმნის სერიოზულ ბარიერებს სტუდენტთა მიერ უმაღლესი განათლების სრულყოფილად მიღების თვალსაზრისით, ხოლო, რიგ შემთხვევაში, საერთოდ გამორიცხავს მას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სტიპენდიის დაარსებით, გვსურს, სოციალური სირთულეების წინაშე მდგარ სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან სამართალს და აქვთ შესაბამისი საჭიროება, შევუმსუბუქოთ განათლების მიღების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები.

ამასთან, სტიპენდია მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის იმ სტუდენტის ხელშეწყობასა და წახალისებას, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ავლენს სწავლის მიმართ ენთუზიაზმს და პროფესიული წინსვლის პოტენციალს.

სტიპენდია შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ინიციატივით და არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ პოზიციას.

კონკურსის მონაწილეთათვის დასაშვებობის კრიტერიუმები

სასტიპენდიო განაცხადის შეტანა შეუძლია სტუდენტს, რომელიც:

არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე;

გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA 3.0 ან მეტი);

ასაბუთებს ფინანსურ საჭიროებას ან/და მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევებს;

იზიარებს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურზე სწავლისა და აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ფინანსური/სოციალური საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შევსებული განაცხადის ფორმა;

განაცხადის ფორმის შევსება და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელია წინამდებარე ბმულზე.

შერჩევის პროცესი:

სასტიპენდიო კონკურსი შედგება განცხადებების ფორმალური გადარჩევის, შინაარსობრივი შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპებისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ჯგუფი ყურადღებით განიხილავს ყველა განაცხადს და იურიდიული პროფესიის შესწავლის პროცესში მიღწეული წარმატების, საჭიროებისა და პოტენციალის საფუძველზე, შეარჩევს შესაბამის კანდიდატს. განაცხადების ფორმალური გადარჩევისა და შინაარსობრივი შეფასების შემდგომ, შესაძლოა, დამატებით გაიმართოს გასაუბრება, რის შესახებაც კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის ნომრის საშუალებით.

სტიპენდიის დეტალები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია 2024 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

შერჩეული სტუდენტი გამოვლინდება 2024 წლის 10 თებერვლამდე.

სტიპენდია გაიცემა 2024 წლის თებერვლის თვიდან, ყოველი თვის 26 რიცხვში, ერთი სემესტრის (5 თვე) განმავლობაში, თვეში 500 ლარის ოდენობით.

გთხოვთ, ყველა იმ სტუდენტს, რომლებიც აკმაყოფილებთ სტიპენდიისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე პირთა ვინაობა კონფიდენციალურია. განაცხადის გამოგზავნით დაინტერესებული პირების პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განცხადების განმხილველთათვის. კანდიდატების პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხოლოდ იმ მიზნით, მოცულობითა და ვადით, რაც აუცილებელი და თანაზომიერია სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული პირის გამოსავლენად.

შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ - ScholarshipCCG@Gmail.com

გმადლობთ, რომ მხარს გვიჭერთ ამ ინიციატივაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ