„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის სტრატეგიული მრჩევლების, მოშე კლუგჰაფტის და მირი მიქაელის ინიციატივა იყო, სალომე ზურაბიშვილის ბანერების „ქართული ოცნების“ ბანერებით ჩანაცვლება.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ქვეყანაში გავრცელებული „სისხლიანი ბანერების“ იდეა მოშე კლუგჰაფტს არ ეკუთვნის და შესაბამისად, არც „ქართულ ოცნებას“.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ საკმარისი არ არის 55%-ის მიღება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ ამიტომ მათი პრინციპული ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს შედეგი და „საბოლოოდ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულონ“.
„ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, ეს არის ორი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი, რომელიც დაგვეხმარება პიარ კამპანიების დაგეგმვაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში. ისინი ასევე, ჩვენ გვეხმარებოდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. თქვენ იცით, რომ ძალიან წარმატებული იყო მათი მხარდაჭერა მეორე ტურში. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პირველ ტურში ჰქონდა მხოლოდ 38%-ი, საბოლოო ჯამში 60% აიღო. მაშინ მათ საინტერესო რჩევები ჰქონდათ, რაც დაგვეხმარა ჩვენ შესაბამისი შედეგის მიღწევაში. ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ და რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. შესაბამისად, დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში.
ჯერ სისხლიანი ბანერები, როგორი იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა „ნაცმოძრაობის“ სახეს, თუმცა მათი იდეა პრინციპში არ იყო, თუ გაინტერესებთ, სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა ეს იდეა, რაც ასევე, ძალიან წარმატებული იყო, ხალხს სჭირდება მუდმივად „ნაცმოძრაობის“ სახის შეხსენება. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე. იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში.
რაც შეეხება 2018 წელს, ეს არ იყო კონკრეტულად მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად, ჩვენი არ იყო ბანერები. სხვა პიარკონსულტანტების იყო, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩია ასეთი ბილბორდების გაკვრა, ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტი და ეს არ იყო შესაბამისად, ჩვენი კამპანია.
ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის, თუნდაც 55%-ის მიღება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი და საბოლოოდ დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად გვჭირდება იმ თუნდაც ძალიან მაღალი ციფრების გაუმჯობესება, რომელიც დღეს არის დაფიქსირებული. ჩვენ ვერ დავჯერდებით 55%-ს, უფრო მაღალი შედეგი გვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ... რაც შეეხება ჩვენს კამპანიას, ჩვენი კამპანია იქნება თვისებრივად პოზიტიური, ჩვენ არსებითად ავაგებთ ამ კამპანიას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება დაგვჭირდება, ვინ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, „სისხლიანი ბანერები“„ნაციონალური მოძრაობის“ სახეს „იდეალურად აჩვენებს“.
„ძალიან გტკივათ, მე მგონი, ეს სისხლიანი ბანერები, იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ სახეს აჩვენებს იდეალურად. მიუხედავად იმისა, რომ იდეა მე არ მეკუთვნოდა, ეს ბანერები „ნაცმოძრაობის“ სახეს აჩვენებს იდეალურად, აი, ერთი-ერთში აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს. ამიტომ, სტკივა „ნაცმოძრაობას“ ეს ბანერები ძალიან. ეს ბანერები არაფერს აზიანებს, აზიანებს „ნაცმოძრაობის“ პროცენტებს. „ნაცმოძრაობამ“ თავის ტელევიზიებით მიხედოს საკუთარ რადიკალურ კამპანიებს“, - აღნიშნა კობახიძემ.