თინა ბოკუჩავა ნუგზარ წიკლაურის განცხადებაზე - წარსულშიც ვინ არ წასულა ან მოსულა, მაგრამ ასე ყოველდღიურად, წვეთ-წვეთ, დემარშის ფორმა რას ემსახურება, ამაზე მოქალაქეები საკუთარ დასკვნებს გამოიტანენ - ეს არ ემსახურება ოპოზიციურ მიზანს

ყოველდღიური დემარში და პროცესის იმგვარად პედალირება, რომ ეს იყოს განხილვის თემა, არ ემსახურება ოპოზიციურ მიზანს, რაც არამხოლოდ გამოცდილ, გამოუცდელ პოლიტიკოსსაც უნდა ამოძრავებდეს, - ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან, ნუგზარ წიკლაურის მიერ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, პარტიის დატოვების თაობაზე განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მოქალაქეები თავად გამოიტანენ დასკვნას, თუ რას ემსახურება ყოველდღიური დემარშის ფორმა.

„ეს ყოველდღიური დემარშის ფორმა, ამის საჯარო კომუნიკაციისთვის გამოყენება და პოლიტიკური პროცესის პედალირება იმგვარად, რომ ეს იყოს განხილვის თემა და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ვფიქრობ, არ ემსახურება იმ საერთო ოპოზიციურ მიზანს, რაც ყველა ოპოზიციურად განწყობილ, არამხოლოდ გამოცდილ, გამოუცდელ პოლიტიკოსსაც და მოქალაქესაც უნდა ამოძრავებდეს, როცა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი სულ რამდენიმე თვეში გეოპოლიტიკურ არჩევნებში.

წარსულშიც ვინ არ წასულა ან მოსულა, მაგრამ ასე ყოველდღიურად წვეთ-წვეთ, დემარშის ფორმა და ამაზე ბრიფინგის გამართვა, რას ემსახურება, ამაზე მოქალაქეები საკუთარ დასკვნებს გამოიტანენ,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა, ასევე, გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ ევროპულ მომავალს საფრთხე დაემუქრა, არაფერს გამორიცხავს. ბოკუჩავა აცხადებს, რომ მიესალმება ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპული მიზნების მიღწევას ემსახურება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ზურაბიშვილის საჯარო პოზიციონირება და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი.

„მნიშვნელოვანია საჯარო პოზიციონირება, საჯარო განცხადებები და საქმე, მათ შორის მაგალითად, ის, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ან დროზე ადრე დატოვებამდე მიიღოს გადაწყვეტილება პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არ მოხდეს ოპოზიციური ხმების ფრაგმენტაცია და ჩამოყალიბდეს ისეთი კონფიგურაცია, სადაც ყველა სუბიექტს ექნება 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს