გიორგი მარგველაშვილი - ვიზიარებ სულისკვეთებას, მაგრამ სამწუხაროდ მომიხდა თავის შეკავება ორბელიანების სასახლეში მისვლისგან - მიხარია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის დოკუმენტზე, ჩათვალეთ, ჩემი ხელმოწერაც არის

ძალიან მინდა იქ ვიყო, ვიზიარებ იქ შეკრებილთა სულისკვეთებას, მაგრამ იმისთვის, რომ ყველასთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი, მე სამწუხაროდ მომიხდა თავის შეკავება მისვლისგან, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე მისი არ მისვლის მიზეზზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა როდესაც პირველად გააჟღერა 13 დეკემბრის ღონისძიების შესახებ, მან არ მიიწვია ყოფილი პრეზიდენტები.

„დამოკიდებულება ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, პრეზიდენტების მიმართ უნდა ყოფილიყო ადეკვატური. ქალბატონმა პრეზიდენტმა მოიწვია პრემიერ-მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასეთი იყო დასაწყისში ფორმატი, მე გამიკვირდა, რომ ვერ გავიგე პრეზიდენტისგან პრეზიდენტების ან პრეზიდენტის მოწვევა. გამიკვირდა იმიტომ, რომ თვითონ რომ პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში თანამდებობის პირებიდან და პოლიტიკოსებიდან უნდა გაგახსენდეს პირველ რიგში არა პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ პრეზიდენტი. ძალიან მინდა იქ ვიყო, ვიზიარებ იქ შეკრებილთა სულისკვეთებას, მაგრამ იმისთვის, რომ ყველასთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი, მე სამწუხაროდ მომიხდა თავის შეკავება იქ მისვლისგან. ძალიან მიხარია, რომ არის ეს შეკრება და იმედი მაქვს, რომ ეს არ არის უსაბაბო ზეიმი და საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს და მიაღწევს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომ ერთი დღით პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, მაშინ თავადაც მივიდოდა ღონისძიებაზე.

„ეს იყო ჩემი ინიციატივა, პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი ვარიაცია გააკეთოს სასჯელის მიმართ. მას შეუძლია გადაუვადოს, გაუნახევროს და ა.შ. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მე მიმაჩნდა, რომ თუ ჩვენ მართლა გვინდოდა რამე ტიპის გზავნილის მიცემა ევროპელებისთვის, ნამდვილად სიმბოლო იქნებოდა ამ ერთი დღით ან ერთ საღამოთი ან რამდენიმე საათით შეწყდომოდა ბატონ სააკაშვილს პატიმრობა და ეს რამდენიმე საათი გაეტარებინა ქალბატონ პრეზიდენტთან და ჩემთან ერთად. იქ იქნებოდნენ პრემიერ-მინისტრებიც, საგარეო საქმეთა მინისტრებიც. ეს იქნებოდა ის, რაც ევროპას აალაპარაკებდა. [ სააკაშვილი რომ გაეთავისუფლებინა თუნდაც ერთი საათით] მაშინ, რა თქმა უნდა, მივიდოდი, იქ ვიქნებოდი იმიტომ, რომ როდესაც სამი პრეზიდენტი არის ერთად საქართველოში, ამ უნიკალურ სურათს ნამდვილად არ გამოვრჩებოდი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, რომ პეტიციაზე „ჩემი ხმა ევროპას“ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა მისი ძალისხმევით მოხვდა.

„სულისკვეთებას სრულიად ვიზიარებ. ნამდვილად მინდოდა იქ ყოფნა, მიხარია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელმოწერა არის ამ დოკუმენტზე. მიხარია, რომ ეს განხორციელდა იმიტომ, რომ მე შევახსენე ყველას, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა არის ყველას ვალდებულება და ასე მოხერხდა სააკაშვილის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე.

ჩათვალეთ, რომ ჩემი ხელმოწერაც არის მანდ. ფიზიკურად არ არის, მაგრამ ღია ეთერში ვამბობ, რომ ამ პეტიციას ხელს ვაწერ. ცოტა ძალისხმევის გაწევა მომიხდა, რომ ეს პეტიცია შესულიყო სააკაშვილთან საკანში და პრეზიდენტი, რომელიც დღეს იხდის სასჯელს თუ წამების მსხვერპლია მანაც მოაწერა ხელი. საქართველოში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელიც არ ყოფილიყოს იმ ისტორიული გზის ერთგული და ყველას ხელმოწერის პარალელურად სააკაშვილის ხელმოწერაც მანდ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო