USAID-ის მისიის დირექტორი კავკასიაში ჯონ პენელი - აშშ-სა და საქართველოს ერთი მიზანი აქვთ - უფრო უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც მტკიცედ არის ინტეგრირებული დასავლეთთან

USAID საქართველოში 1992 წელს შემოვიდა, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს. ამ წლების განმავლობაში, საქართველოს მხარდასაჭერად USAID-მა დაახლოებით 1,9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა იმ პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავენ ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების შექმნას,განათლების, ჯანდაცვის და სხვა საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესებას, ეკონომიკის გაძლიერებას, რის შედეგადაც იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის, ოჯახების და თემების კეთილდღეობაზე. პროგრამები ასევე მოიცავს მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ პროცესებს.

USAID ამჟამად ახორციელებს 40 სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს განავითაროს უფრო ძლიერი ეკონომიკა, ენერგო უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი ის სფერო, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის საშინაო პრიორიტეტებს, რათა საქართველომ გააძლიეროს მისი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია და გააგრძელოს წინსვლა ევროპისკენ.

USAID-ის მისიის დირექტორი კავკასიაში ჯონ პენელი განმარტავს, რომ მისიამ უფრო გააღრმავა პარტნიორობა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყანას ისარგებლოს უნიკალური შესაძლებლობით - გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. უფრო დეტალურად პარტნიორობის, გამორჩეული პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ თავად მისიის დირექტორი გვესაუბრება.

შეგიძლიათ მოგვითხროთ აშშ-სა და საქართველოს შორის 30-წლიანი წარმატებული პარტნიორობის შესახებ? რას გამოარჩევდით აღნიშნული პარტნიორობიდან?

USAID საქართველოში 1992 წელს შემოვიდა, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს. იმ დროიდან საქართველოს და მისი ხალხის გვერდში ვდგავართ, ვმუშაობთ სამთავრობო ინსტიტუტებთან, ბიზნესებთან, საზოგადოებასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ქვეყნის მოქალაქეებთან, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას - გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული წევრი.

საერთო ჯამში, საქართველოს მხარდასაჭერად USAID-მა დაახლოებით 1,9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა იმ პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავენ ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების შექმნას, განათლების, ჯანდაცვის და სხვა საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესებას, ეკონომიკის გაძლიერებას, რის შედეგადაც იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის, ოჯახების და თემების კეთილდღეობაზე. პროგრამები ასევე მოიცავს მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ პროცესებს. მაგალითად, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვაგრძელებთ საქართველოს ყველა, 2000-ზე მეტი საჯარო სკოლის მხარდაჭერას. საერთაშორისო ხარისხის სწავლების მეთოდებზე ტრენინგი ჩავუტარეთ 300 000-ზე მეტ მასწავლებელს; ხელი შევუწყვეთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად; მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ დიფტერიის, პოლიომიელიტის, წითელასა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში. 2012 წელს ბავშვთა იმუნიზაციის მაჩვენებელმა 85%-ს მიაღწია.

მრავალრიცხოვანი მიღწევებიდან ეს მხოლოდ რამდენიმეა. ჩვენი დახმარება ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეებს შექმნან უფრო ძლიერი თემები, მათ შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდება და მათ შვილებს მეტი შესაძლებლობები ექნებათ მომავალში.

რატომ აქვს საქართველოს, როგორც პარტნიორს, განსაკუთრებული ადგილი USAID-ის მისიაში?

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთი და იგივე მიზანი აქვთ - უფრო უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც მტკიცედ არის ინტეგრირებული დასავლეთთან. USAID აძლიერებს შეერთებულ შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას, რათა საქართველო იყოს სტაბილურობისა და კეთილდღეობის წყარო სამხრეთ კავკასიაში. USAID-ის პარტნიორობა საქართველოსთან ასევე აძლიერებს აშშ-ს მთავრობის გლობალური განვითარების პრიორიტეტებსაც, რომლებიც მოიცავს კლიმატის ცვლილებების შერბილებას, რეგიონული კავშირის გაზრდას, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას და მოქალაქეების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართვას სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.

სასიხარულოა, როცა იცი, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს.

დაგვისახელეთ სექტორები საქართველოში, რომლებშიც USAID ახორციელებს პროექტებს? რა ფაქტორები განაპირობებს ამ სექტორების შერჩევას და როგორ უკავშირდება ეს საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და კონტექსტს?

USAID ამჟამად ახორციელებს 40 სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს, განავითაროს უფრო ძლიერი ეკონომიკა, ენერგო უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი ის სფერო, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის საშინაო პრიორიტეტებს, რათა საქართველომ გააძლიეროს მისი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია და გააგრძელოს წინსვლა ევროპისკენ.

ჩვენ გვაქვს დახმარების ორმხრივი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია USAID-ის ორმოცივე პროგრამა. რაც შეეხება ამ პროგრამების განხორციელებას, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, თემებთან და მოქალაქეებთან, რათა განვსაზღვროთ და გავიგოთ საქართველოს განვითარების გამოწვევები და დავსახოთ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც USAID პარტნიორობს საქართველოსთან ამ გამოწვევების დასაძლევად. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე, ვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებს - ახალგაზრდებს, უმცირესობებს, დიდ ქალაქებში, სოფლებში, ეთნიკური უმცირესობების თემებსა თუ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ხალხს.

რა არის USAID-ის ამჟამინდელი ძირითადი პრიორიტეტები საქართველოში? რა ძირითადი ინიციატივები ხორციელდება არსებული გამოწვევების საპასუხოდ?

USAID მუდმივად ახდენს პროგრამების განახლებას და ქვეყნის განვითარებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე მათ ადაპტირებას. ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავეთ პარტნიორობა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ისარგებლოს უნიკალური შესაძლებლობით - გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძირითად დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმასა და მედიის თავისუფლებაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; გავზარდეთ ინვესტიციები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში - ხელი შევუწყვეთ ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, განახლებადი ენერგიის შიდა წყაროების განვითარებას და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას, რათა საქართველომ შეძლოს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრირება. რაც შეეხება USAID-ის ახალ პროგრამებს, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ დავეხმაროთ საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს და სტუდენტებს ჰქონდეთ უკეთესი სამუშაო ადგილები, რათა თავიანთი ოჯახებისთვის საარსებო წყაროს მოძიების მიზნით არ დასჭირდეთ ქვეყნის დატოვება.

ხელს ვუწყობთ ეროვნული და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას, რათა ყველა მოქალაქემ მიიღოს კარგი საჯარო სერვისები - სკოლები, საავადმყოფოები, გზები, საჯარო სივრცეები; შესაძლებლობას ვაძლევთ მოქალაქეებს წინააღმდეგობა გაუწიონ მავნე დეზინფორმაციას, რომელიც ვრცელდება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც სურთ ერთმანეთს დაუპირისპირონ მოქალაქეები და ხელი შეუშალონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ხელს ვუწყობთ სკოლებს მოამზადონ მოსწავლეები ისე, რომ მათ, როგორც აქტიურმა და პასუხისმგებელმა მოქალაქეებმა წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიაში.

შეგიძლიათ გამოყოთ რამდენიმე გამორჩეული პროექტი, რომელიც USAID-მა განახორციელა საქართველოში? რატომაა ეს პროექტები განსაკუთრებული? რომელ კონკრეტულ სფეროში მიაღწია USAID-მა მნიშვნელოვან წარმატებას? გაგვიზიარეთ ეს მიღწევები და მოგვიყევით მათი მნიშვნელობის შესახებ

ქართველმა და ამერიკელმა ხალხმა ერთად ბევრ წარმატებას მიაღწია. ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ. გაგაცნობთ ზოგიერთ პროექტს, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ ამ 30 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობიდან:

  • 2008 წლის ომის შემდეგ USAID-მა წვლილი შეიტანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებაში. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზებისა და გაზსადენების განახლებაში, მათ შორის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი 11 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობასა და სენაკის I და II ელექტროგადამცემი ხაზების განახლებაში. შედეგად ქვეყნისათვის კრიტიკულ დროს, 700 000 ადამიანი უზრუნველყოფილი იყო სტაბილური ენერგო მომარაგებით. აღსანიშნავია, რომ ხელი შევუწყვეთ კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას 1500 მეგავატზე მეტი სუფთა და განახლებადი ენერგიის წარმოებაში, რაც ნიშნავს სახლების, საავადმყოფოების, სკოლებისა და ბიზნესების საიმედო ელექტრომომარაგებას და ავტორიტარულ ქვეყნებზე საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც იმ 250-ზე მეტი მთიანი სოფლის ელექტრიფიცირება მოახდინა, რომლებსაც ელექტროენერგია ათწლეულების განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
  • განათლების სფეროში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხელი შევუწყვეთ 2 085 საჯარო სკოლას, რაც ნიშნავს 300 000-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს ყოველწლიურად;

  • ჯანდაცვის სფეროში USAID-მა მხარი დაუჭირა საქართველოს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სისტემის შექმნას, დედათა და ბავშვთა მოვლის სერვისების გაძლიერებას, სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი იმუნიზაციის გაზრდას და ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, შეამცირა ჩვილთა სიკვდილიანობა, ხელი შეუწყო საქართველოში 2012 წლისთვის ბავშვთა იმუნიზაციის მაჩვენებლის 85%-მდე გაზრდას და საშუალება მისცა აივ/შიდსით და ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეცხოვრათ უფრო სრულფასოვნად;
  • 2000-იან წლებში მხარი დავუჭირეთ საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სისტემების რეფორმირებაში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყნის მთავრობას დაეწყო საგადასახადო შემოსავლების გაზრდა. ეს კი აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, როგორებიცაა გზები, საავადმყოფოები, სკოლები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
  • 2008 წლის ომის შემდეგ USAID-მა გამოყო 250 მილიონი აშშ დოლარი იძულებით გადაადგილებულ პირების, პენსიონერების და ომით დაზარალებული ადამიანების სოციალური გადასახადებისთვის;
  • 2018 წლიდან USAID-მა მხარი დაუჭირა 328-ზე მეტ აგრობიზნესს მათი კომპანიების მოდერნიზებაში, შექმნა 6 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სოფლის მეურნეობაში, გაყიდვების თანხამ 148 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 57 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტზე მოდიოდა;
  • მხოლოდ 2022 წელს USAID-მა მხარი დაუჭირა 25 000-ზე მეტ მცირე ფერმერს და ბიზნესს, დაეხმარა მათ გაფართოებასა და დაახლოებით 5 300 სრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილის შექმნაში. მათ გაყიდვებიდან მიიღეს 269 მილიონი აშშ დოლარი, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო ეკონომიკის გაძლიერებას;
  • 2021 წლიდან საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყეთ პროფესიული უნარების გადამზადების 100-მდე პროგრამა, რითაც ხელს ვუწყობთ მოქალაქეებს წარმატებას მიაღწიონ თანამედროვე ეკონომიკაში. ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ ახალი პარტნიორობა საქართველოს რკინიგზასა და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან სამტრედიასა და თეთრიწყაროში რკინიგზის მუშაკთა პროფესიული სასწავლო ცენტრების დასაარსებლად;
  • ერთი წლის წინ დავიწყეთ USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 94 თემში. პირველ წელს 1,6 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, ამავდროულად, 2,4 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოვიზიდეთ კერძო სექტორიდანაც. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ პროგრამა შექმნის 1 700 ახალ სამუშაო ადგილს და დაეხმარება ადგილობრივ ბიზნესს 6,5 მილიონი დოლარის ინვესტიციების მოზიდვაში;
  • მიმდინარე წლის ოქტომბერში, დავიწყეთ ხუთწლიანი, $14 მილიონიანი ახალი პროგრამა - „განათლება მომავლისთვის “. პროგრამა ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა ინსტიტუტებთან პარტნიორობით, რაც მიზნად ისახავს საქართველოს სკოლების გაძლიერებას, უნივერსიტეტის ლექტორთა მომზადების პროგრამების განხორციელებას, სკოლის ადმინისტრაციის გაძლიერებას და საქართველოს მთავრობის სკოლების ავტონომიის გეგმის მხარდაჭერას.

თქვენი გადმოსახედიდან, საქართველოში რომელია ის სფეროები, რომელთაც ჯერ კიდევ სჭირდებათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა? რა როლს შეასრულებს USAID ამ სფეროების განვითარებაში?

მნიშვნელოვანია, გადავხედოთ საქართველოს ისტორიას მას შემდეგ, რაც მან ხელმეორედ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შედარებით მოკლე დროში წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. USAID ამაყობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს მთავრობასა და მოქალაქეებთან, გააძლიერა სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შემდეგ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ყველა მოქალაქის მხარდაჭერას მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ევროპასთან ინტეგრირებული თანამედროვე და უსაფრთხო ენერგეტიკული სისტემის აშენებაში; ხელს შევუწყობთ ქართულ ბიზნესს გაფართოებასა და პროდუქციის ექსპორტზე ევროპასა და სხვა მომგებიან ბაზრებზე, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ქალაქებსა და სოფლებში მიიღონ უფრო მაღალი შემოსავალები თავიანთი ოჯახების საკეთილდღეოდ. ჩვენ გავაგრძელებთ შესაძლებლობების შექმნას ახალგაზრდებისთვის, ხელს შევუწყობთ გახდნენ წარმატებული მეწარმეები და პროფესიონალები, მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო აქტივობებში და მოახდინონ თავიანთი და ქვეყნის მომავლის ფორმირება.

ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს USAID-ის, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის საერთო მიზანს - ავაშენოთ უფრო აყვავებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპული საზოგადოება, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა შექმნას ცხოვრების უკეთესი პირობები საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა