საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ  „ტექინფორმის“ დღე აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის - „ტექინფორმის“ დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

წელს ინსტიტუტს დაარსებიდან 65 წელი შეუსრულდა.

უნივერსიტეტის ცნობით, ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი და სამეცნიერო-აკადემიური წრეები.

რექტორმა „ტექინფორმის“ თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსებიდან 65 წლისთავი მიულოცა. დავით გურგენიძის განცხადებით, „ტექინფორმი“ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში საქართველოში წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც მუდმივად ნერგავს სიახლეებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუტის საქმიანობის ბოლო წლები, იმის გათვალისწინებით, რომ „ტექინფორმმა“ მკვეთრად გაააქტიურა საერთაშორისო თანამშრომლობა, გააფართოვა სამეცნიერო-კვლევითი და ანალიზური სამუშაოების არეალი.

„ვულოცავთ „ტექინფორმს“ მოღვაწეობის 65 წლის იუბილეს და მადლობას ვუხდით ინსტიტუტის ხელმძღვანელობასა და მეცნიერ-თანამშრომლებს ნაყოფიერი საქმიანობისთვის. „ტექინფორმი“ ჩამოყალიბდა ბრენდად, რომელიც სულ უფრო მეტად აფართოებს საერთაშორისო თანამშრომლობის არეალს, ქმნის, ნერგავს და ამუშავებს სამეცნიერო მონაცემთა ბაზებს, რაც მოიცავს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის, მეცნიერებათმზომელობისა და სამეცნიერო ეკოსისტემის გაანალიზების რთულსა და მოცულობით სამუშაოებს. ასევე, ინსტიტუტი ამუშავებს სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კონცეფციებსა და ქმნის რეკომენდაციების სისტემას, მოიძიებს უახლეს ინფორმაციას ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ და აქტიურად უწყობს ხელს ქართული სამეცნიერო პოტენციალისა და სამეცნიერო პროდუქციის ტრანსფერს. ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში შემუშავებული მონაცემთა ბაზა სამეცნიერო პროექტების ონლაინ რეგისტრაციის სისტემაა, რომელიც აქტიურად ივსება და ვითარდება. „ტექინფორმი“ ერთადერთი ინსტიტუტია საქართველოს სამეცნიერო სივრცეში, რომელიც ტექნიკურ სფეროში კვლევით პუბლიკაციებს უყრის თავს და მათ ბაზაზე ორენოვან რეფერატულ ჟურნალს გამოსცემს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს „ტექინფორმს“ შესრულებული აქვს სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას მისცა ბიძგი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, წარმატებას ვუსურვებთ „ტექინფორმსა“ და მის გუნდს“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

„ტექინფორმის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნელი მახვილაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მისი თქმით, ინსტიტუტი აქტიურად მოიაზრება, როგორც ქვეყნის მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი სამეცნიერო-ტექნიკური საინფორმაციო ცენტრი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება მიმზიდველი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

„ბოლო წლები „ტექინფორმისთვის“ საკმაოდ ნაყოფიერი, მრავალი სიახლისა და ინიციატივის მომტანი აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივასთან მიერთება, რაც გულისხმობს ეროვნულ დონეზე ღია მეცნიერების განვითარება-პოპულარიზაციას და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემაში ევროპული ღია მეცნიერების ღრუბლის პრინციპების დანერგვას. „ტექინფორმი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციასთან, პლატფორმასთან და საერთაშორისო ქსელებთან იმ მიზნით, რომ ფართოდ დანერგოს ღია მეცნიერების პრინციპები, შეიმუშაოს მონაცემთა მართვის საერთაშორისო პოლიტიკა და მხარდაჭერა აღმოუჩინოს წევრ ორგანიზაციებსა და ქვეყნებს მონაცემების მართვის ინოვაციური მეთოდებისა და მეთოდოლოგიების გაზიარება-დანერგვაში. ამასთან ერთად, ჩვენი ინსტიტუტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო კვლევითი მონაცემების ალიანსის (RDA) და მისი მმართველი საბჭოს სრულუფლებიანი წევრია - ეს, უდავოდ, ჩვენი მკვლევრების მნიშვნელოვანი წარმატებაა. RDA-თან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამეცნიერო ინფორმაციის მართვის, კლასიფიცირებისა და თანამედროვე სტანდარტების შესწავლის საკითხებში. ინსტიტუტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ ალიანსის წლიურ საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში. აღსანიშნავია ისიც, რომ „ტექინფორმი“ AMKE OPEN AIRE-ის საერთაშორისო ქსელის ოფიციალური წევრი და პირველი წარმომადგენელია საქართველოდან, ასევე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემა AGRIS-ის ჰაბია საქართველოში. ამ წარმატებების ფონზე, სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდი ახალგაზრდა მკვლევრებით ივსება, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ და ხელს უწყობენ სამეცნიერო კვლევების უახლესი ტენდენციებისა და ყველაზე მოთხოვნადი მონაცემების ხილვადობის, მათზე ხელმისაწვდომობისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესაძლებლობის ზრდას ყველა სამიზნე ჯგუფში. ვიმედოვნებთ, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობას, ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კოლაბორაციების დაგეგმვას. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას და გულით ვულოცავ თითოეულ ტექინფორმელს ინსტიტუტის დღეს“, - აღნიშნა ნელი მახვილაძემ.

„ტექინფორმის“ ხელმძღვანელსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ინსტიტუტის 65 წლის იუბილე მიულოცეს და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა, უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „ტექინფორმის“ ხელმძღვანელს, პროფესორ ნელი მახვილაძეს, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის, სტუ-ის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი გადასცა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა