როცა ჰქვია, რომ კანდიდატი ქვეყანა ხარ, ყოველგვარი ეჭვი უკვე მოიხსნა, ეკუთვნი თუ არ ეკუთვნი ევროპას - ძალიან უნდა მოგინდეს, რომ გააფუჭო ყველაფერი, რომ ეს უკან შებრუნდეს და ჩამოგერთვას. ამის რისკებს არ ვხედავ, მაგრამ პროცესი რომ გაიწელოს, ეს რისკი ძალიან რეალურია, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
დარჩიაშვილის განმარტებით, ხელისუფლების კურსი არ იყო მიმართული ამ მიღწევის შესრულებისკენ, რადგან მისი თქმით, ისეთი ნაბიჯები იდგმებოდა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა შანსი გაჩნდა კანდიდატის სტატუსის მიღებისა, რომ „სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს“.
„დღეს მართლა ევროპული დილა გვაქვს, ასეთი არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, არადა მინიმუმ ბოლო არა ერთი თაობის ოცნება სწორედ ეს იყო, ძირითადი ხაზი საქართველოს განვითარებისა, როგორც ის ქართული საზოგადოების ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებს ესახებოდათ, იყო სწორედ საქართველოს ევროპის ნაწილად ქცევა, დასავლური ორიენტაცია. მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ასევე, შინაარსობრივი ნაბიჯია. როცა ჰქვია, რომ კანდიდატი ქვეყანა ხარ უკვე, მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, ეკუთვნი თუ არ ეკუთვნი ევროპას. შინაარსობრივი ის არის, რომ ეს სტატუსი აუცილებელია, რომ მერე უკვე წევრი გახდე, უკვე წევრობის პროცედურის დასაწყისში ვართ. ძალიან უნდა მოგინდეს, რომ გააფუჭო ყველაფერი, რომ აი, ეს უკან შებრუნდეს და ჩამოგერთვას. ამის რისკებს, რომ ჩამოგვერთვას, არ ვხედავ, მაგრამ პროცესი, რომ გაიწელოს, ეს რისკი ძალიან რეალურია.
ამ ხელისუფლების კურსი არ იყო მიმართული ამ მიღწევის მიმართულებით. ისეთი ნაბიჯები იდგმებოდა განსაკუთრებით იმ დროს, როცა შანსი გაჩნდა კანდიდატის სტატუსის მიღებისა, რომ სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს. იქნებოდა ეს ყბადაღებული რუსული კანონი, მანამდე ნიკა გვარამიას დაპატიმრება... ეს ყველაფერი იმ დროს, როცა ჩვენ გვიჩნდებოდა შანსები, გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრი, აჩენდა მინიმუმ კითხვებს ბრიუსელში. რატომ უნდა გარისკო ასეთი რამ, თუკი მართლა გულწრფელად გინდა, რომ ეს სტრატეგიული ხაზი ქართული საზოგადოებისა გააგრძელო?!
ამ ხაზს [ევროპულ კურსს] არავინ [საქართველოს არც ერთი ხელისუფლება] არ უხვევდა, ჩვენი პოსტსაბჭოური ყოფა იყო იმდენი პრობლემით დაღდასმული, პოლიტიკურ კლასსა და ელიტაში ისეთი დაპირისპირებები არსებობდა, რომ ყველა სხვა ინტერესს, მიზანს ზოგჯერ ფარავდა, ჩრდილავდა. აი, ძალაუფლებისთვის ბრძოლა იღებდა ძალიან არაცივილიზებულ ფორმებს, იმ 32-33 წლის მანძილზე, რომლის განმავლობაში ვიბორიალეთ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, მაგრამ ყველა, ვინც ხელისუფლებაში ხვდებოდა ამ იდეას, ასე თუ ის ელოლიავებოდა რაღაცნაირად. ეს ეხება, როგორც გამსახურდიას, ისე შევარდნაძესაც და თავისთავად სააკაშვილს. იმიტომ, რომ მისი წვრილი ნამდვილად მნიშვნელოვანია, არავისთან შედარებით, არც ვადიდებ და არც ვაკნინებ, ყველამ თავისი წვრილი შეიტანა, მაგრამ შეუძლებელია ილაპარაკო ობიექტურად საქართველოს ბოლოდროინდელ ისტორიაზე, თუ კი ჩვენს ევროპულ გზაზე სიარულში სააკაშვილის როლს სრულ იგნორირებას გაუკეთებ“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, დარჩიაშვილი პრემიერის ინიციატივით დღეს დაგეგმილ სახალხო ზეიმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ეს სახალხო მიღწევაა, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით ტრიბუნასთან პოლიტიკური სუბიექტებიც და პრეზიდენტიც უნდა იდგეს, რათა ერთიანობის დემონსტრაცია იყოს.
„კი არ ვგმობ ასეთ მოწოდებას, ხელისუფლებას ეს რა თქმა უნდა, უნდა ეთქვა, მაგრამ სასურველია, რომ ეს გაკეთდეს არა ცალყბად - „ყველას გეპატიჟებით“. ვინ ყველას? არიან პოლიტიკური სუბიექტები და არის პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, მათ ჰყავთ ლიდერები, კეთილი ინებე და თუ ეს სახალხო მიღწევაა, მაშინ ისინიც აუშვი ტრიბუნაზე და შენ გვერდზე დადგნენ და ერთად მიულოცონ საზოგადოებას, ეს იქნება ერთიანობის დემონსტრაცია, თორემ მე ლექტორი სად ვიდგები თუ არ ვიდგები, ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.