არმაზ ახვლედიანი - ეპოქალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უნდა ვიზეიმოთ, „ქართული ოცნება“ საგანგებოდ კი იზეიმებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ არ გადადგამს დროულ და სწორ ნაბიჯებს ევროკავშირის მიმართულებით

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

- ბატონო არმაზ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ამის მოლოდინი საქართველოში აშკარა იყო. ამ თემაზე ევროპელი ლიდერების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარებიც მოვისმინეთ.

დღეს თბილისში მომხდარის გამო ზეიმი გაიმართება. ზეიმამდე გადავწყვიტე თქვენთან დაკავშირება, რადგან ვიცი, რომ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმათ შორის, ვინც ამ დღეს აახლოებდა თუნდაც იმით, რომ 23 წლის წინ დააფუძნეთ თბილისის პოლიტიკური სკოლა, რომელიც ქვეყანაში სწორედ ევროპული ფასეულობების დამკვიდრებაზე იყო ორიენტირებული.

ვიდრე ზეიმს მივადევნებთ თვალს, სწორედ თქვენ მინდა გთხოვოთ ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მომხდარს რა პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს....

- დიდი მადლობა. უპირველესად, როცა ჩვენ დღევანდელი თაობის დამსახურებაზე ვსაუბრობთ, სამართლიანი იქნება მადლობა ვუთხრათ იმათ, ვინც წარსულში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქაში თავი დადო ამ საქმისთვის. ვინც სიტყვა თქვა, ვინც სწორი არჩევანი გააკეთა, და ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს საქართველო ამ დიდებულ წერტილში აღმოჩენილიყო.

შორს რომ არ წავიდეთ და საუკუნეებს არ ჩაუღრმავდეთ, ვფიქრობ აუცილებლად უნდა ვთქვათ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შესახებ, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ასე მოინდომეს საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, და ვისთვისაც ახლა ყველაზე ბედნიერი და ნანატრი დღე დადგებოდა.

ბევრი სხვაც არის, მაგალითად მიშელ მუსხელი ანუ მიხეილ მუსხელიშვილი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის იდეას და იყო ერთ-ერთი მთავარია იმათთაგან, ვინც ევროკავშირის კონცეფციაზე მუშაობდა გასული საუკუნეში. მახსენდება გიორგი მთაწმინდელი, ანთიმოზ ივერიელი, სულხან საბა ორბელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, აღარაფერს ვამბობ შოთაზე, ვაჟაზე, ილიაზე... თანამედროვეთაგან ამ მხრივ გამოვყოფდი ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძეს, მერაბ მამარდაშვილს, ედუარდ შევარდნაძეს, ზურაბ ჟვანიას, არაერთ სხვას...

ახლა, ზეიმთან ერთად, მილოცვასთან ერთად, დამსახურებების აღნიშვნასთან ერთად, აუცილებლად უნდა ითქვას მთავარი - მთავარი კი ისაა, რომ თუ რა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა პასუხისმგებლობაა ამის სწორად და დროულად გააზრება და გამოყენება.

მთავარი კი ისაა, რომ თუ რა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა პასუხისმგებლობაა ამის სწორად და დროულად გააზრება და გამოყენება

სწორედ ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ეს შესაძლებლობა საქართველოსთვის განსაკუთრებულია და ის საქართველოს ჯერ არნახულ პერსპექტივას უხსნის უახლოეს და შორეულ მომავალში, რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და აგრეთვე სწრაფად იმოძრაოს ნატო-ს მიმართულებით.

ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანია საქართველოში დაჩქარებული ტემპით წავიდეს დემოკრატიული, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმები, რაც შედეგად მოგვცემს არა უბრალოდ სტატუსიან ქვეყანას, არამედ არსით ევროპულ, წარმატებულ, ძლიერ, დალხენილ დემოკრატიულ, სამართლებრივ, სულიერად და ფიზიკურად გამთლიანებულ სახელმწიფოს.

დღეისათვის ეს არის ჩვენი ამოცანა. შევქმნათ ადამიანზე ორიენტირებული თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ამაზე ოცნებობდნენ წინაპრები და ეს უნიკალური შანსი ეძლევა დღეს ჩვენს თაობას.

ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანია საქართველოში დაჩქარებული ტემპით წავიდეს დემოკრატიული, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმები, რაც შედეგად მოგვცემს არა უბრალოდ სტატუსიან ქვეყანას, არამედ არსით ევროპულ, წარმატებულ, ძლიერ, დალხენილ დემოკრატიულ, სამართლებრივ, სულიერად და ფიზიკურად გამთლიანებულ სახელმწიფოს

- წინ დიდი სამუშაო ელის ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებას, მაგრამ მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი შეფასებები. გუშინ წინ პრემიერმა წერილები გაუგზავნა ევროპელ ლიდერებს. მას შემდეგ, რაც 14 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მოვისმინეთ ხელისუფლების კომენტარები.

კომენტარებში ხელისუფლება საუბრობდა იმაზე, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად, რომ ქვეყანამ „დამსახურებულად და თავისი შრომით მიიღო სტატუსი“.

ამ განცხადებების ფონზე საკმაოდ კონკრეტული იყო ევროკავშირის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაინის განცხადება - „ევროპულმა საბჭომ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო“.

თუ მანამდე ევროპელი ლიდერები მინებდნენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიამ „გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება“ მიიღო, ახლა ამბობენ, რომ „სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს.“ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება აშკარად არ ემთხვევა ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს.

მომხდარზე ევროპელი ლიდერებისა და ჩვენი ხელისუფლების კომენტარები სავარაუდოდ, რატომაა ერთმანეთს აცდენილი? და რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება რომ „ევროპულმა საბჭომ სტრატეგიული განცხადება მიიღო?

- ახლა, ალბათ, ყველაზე უფრო უხერხული ისაა, რასაც ხელისუფლება ცდილობს-ეს გამარჯვება საკუთარ თავს მიაწეროს. თუკი ირაკლი ღარიბაშვილს გაახსენდა მადლობა უთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ვფიქრობ, სულ ცოტა არ უნდა დავიწყებოდა წინა ხელისუფლებები და ყველასთვის გადაეხადა მადლობა-ზვიად გამსახურდიადან დაწყებული, ედუარდ შევარდნაძით და მიხეილ სააკაშვილით დამთავრებული. ეს იქნებოდა სწორი და ადამიანური მიდგომა. მაგრამ, რას იზამ... ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრძანა, „სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთო“. სწორედაც რომ ასეა.

სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება უნდა გვქონდეს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ. იქ ბრიუსელში და ვაშინგტონში ზუსტად და საუკეთესოდ ესმით, მიუხედავად იმისა, თუ რა შიდაპოლიტიკური ვითარებაა დღეს საქართველოში, რამდენად შორსაა ის დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტანდარტებისგან, უფრო სწორად რამდენად დაცლილია ამ სტანდარტებისგან, ამის მიუხედავად უკრაინის ომის ფონზე და კრემლის მზარდი და აგრესიული, გაუგონარი ძალადობის ფონზე, საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მიცემა დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. იქ ეს სწორად გაიაზრეს, სწორად გაანალიზეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მიცემა დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. იქ ეს სწორად გაიაზრეს, სწორად გაანალიზეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს

ამ ფონზე მით უფრო გაასმაგებული უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა მომდევნო რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ, მე მოლოდინი არც ახლა, ამ საზეიმო ვითარებაში არ მაქვს, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ საგანგებოდ კი იზეიმებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ არ გადადგამს დროულ და სწორ ნაბიჯებს ევროკავშირის მიმართულებით.

დღეს ყველა დროული ნაბიჯი უნდა უკავშირდებოდეს ერთადერთი მიზნის შესრულებას, მომდევნო წლის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

- ფაქტია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გაუჩნდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. მხედველობაში მაქვს ევროპის გაფართოების შესახებ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ გვახსოვს პრემიერი განცხადებები. მას შემდეგ, კიდევ კარგა ხანს გვესმოდა, რბილად რომ ვთქვათ გაუმართავი და გაუმართლებელი განცხადებები უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მისამართით.

სამწუხაროდ, დღეს არავინ ამბობს იმაზე, რომ უკრაინამ აგრესორების წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლით დააჩქარა ევროპის გაფართოება და საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. რატომ ვერ ახერხებს ხმამაღლა იმის თქმას, ჩვენში დღეს არსებული საზეიმოს განწყობის თანაავტორი უკრაინაა?

- გუშინ, როცა ჩვენ დაძაბული ველოდებოდით გადაწყვეტილების გამოცხადებას, თვალს ვადევნებდით თუ რა შანტაჟის პოლიტიკას მიჰყვა უნგრეთის პრემიერი, არ დაგიმალავთ, დიდი გულისტკივილი და უსამართლობის შეგრძნება მქონდა, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხმას არ იღებდნენ უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ხომ წარმოუდგენელი უსამართლობაა.

რომ არა უკრაინელების თავდადება და თავგანწირვა, უკრაინელების მიერ სისხლის ღვარა, საქართველოს დღეს ევროპული პერსპექტივა არ გაუჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლების წინ უკრაინაზე და მოლდოვაზე გაცილებით წარმატებულები ვიყავით ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ბოლო წლებში, სულ სხვა, საპირისპირო, უსიამოვნო რეალობა შეგვექმნა. ამ დროს პრემიერი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ვერ ახერხებს თუნდაც კრიტიკულ მომენტში ერთი სამართლიანი სიტყვის თქმას უკრაინის სასარგებლოდ. რა არის ეს? რა თქმა უნდა, ეს არის დიდი უსამართლობა და უპასუხისმგებლობაც.

რომ არა უკრაინელების თავდადება და თავგანწირვა, უკრაინელების მიერ სისხლის ღვარა, საქართველოს დღეს ევროპული პერსპექტივა არ გაუჩნდებოდა... ამ დროს პრემიერი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ვერ ახერხებს თუნდაც კრიტიკულ მომენტში ერთი სამართლიანი სიტყვის თქმას უკრაინის სასარგებლოდ. რა არის ეს? რა თქმა უნდა, ეს არის დიდი უსამართლობა და უპასუხისმგებლობაც

მაგრამ, ქართველი ხალხის განწყობა უკრაინის მთავრობამაც იცის და ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან კარგად იციან. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის განწყობა მთავრობის განწყობებისგან რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენ არ დაგვიკარგავს არც სამართლიანობის და არც მადლიერების განცდა.

- ბრძანეთ, რომ არ გაქვთ იმედი ხელისუფლება ევროპული მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამსო.

არადა, საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ წინ დიდი სამუშაო გველის. 33 მიმართულებაა, 6 თემატური კლასტერი უნდა დავაკმაყოფილოთ. კლასტერიდან კლასტერში ვერ გადავა ქვეყანა, თუ წინა კლასტერი ვერ დავხურეთ. ამას ემატება ის 9 პუნქტი რომელიც ევროკომისიამ განგვისაზღვრა.

ეს ყველაფერი მმართველი გუნდის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სხვადასხვა უწყებებში დასაქმებული ადამიანების საკეთებელია. არადა ეს მუშაობა ახლავეა დასაწყები თუ გვინდა დავაჩქაროთ ქვეყნის ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნებამდე მაინც არ დაიწყებს ხელისუფლება ევროპული მიმართულებით მოძრაობის დაწყებას?

- საქმე ისაა, რომ სტატუსის მიღება მე ახლა იმიტომ მიხარია, რომ იგი ქმნის უზარმაზარ შესაძლებლობას, მიუხედავად „ქართული ოცნების“ განწყობისა არაფერი არ შეცვალოს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის სასარგებლოდ.

ვინც გუშინ საქართველოს სასარგებლოდ ბრიუსელში გადაწყვეტილება მიიღო, ვინც მხარს გვიჭერს ვაშინგტონში, სულ სხვა შემართებით და პასუხისმგებლობითაა ჩვენს მიმართ, რომ დაუდგეს გვერდში სრულად მობილიზებულ ჩვენს საზოგადოებას, ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდეს დროულად გაატაროს შესაბამისი რეფორმები.

თუ „ქართული ოცნება“ თავის სიჯიუტეში ჩარჩება, მაშინ, გარწმუნებთ, გაცილებით მარტივი იქნება ჩვენი საზოგადოების შეგნებული ნაწილისთვის თამამი, გაბედული, პრინციპული არჩევანის გაკეთება 2024 წლის არჩევნებში.

ჩვენ უნდა ვხდებოდეთ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ახლა უცებ რომის პაპზე მეტი კათოლიკე გახდა და ყველაზე მეტად ზეიმობს ამ გამარჯვებას, სრულად სათავისოდ გამოიყენოს იგი. წინასაარჩევნოდ, ეს წარმატება გახდება „ქართული ოცნების“ მთავარი ამბავი, თემა და „დამსახურება.“

როგორც ორბანი სხვა გარემოებში ახერხებს სათავისოდ ევროპული სიკეთეების გამოყენებას, ისე „ქართული ოცნებაც“, უფრო მზაკვრული მეთოდებით შეეცდება არჩევნებზე ამის გაკეთებას. დასავლეთს კი აშკარად არ სურს სამომავლო პარტნიორად ახალი ქართველი ორბანი, ახალი დიდი თავის ტკივილი, გაიჩინოს.

როგორც ორბანი სხვა გარემოებში ახერხებს სათავისოდ ევროპული სიკეთეების გამოყენებას, ისე „ქართული ოცნებაც“, უფრო მზაკვრული მეთოდებით შეეცდება არჩევნებზე ამის გაკეთებას. დასავლეთს კი აშკარად არ სურს სამომავლო პარტნიორად ახალი ქართველი ორბანი, ახალი დიდი თავის ტკივილი, გაიჩინოს

მაგრამ, ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენს ხალხზე, პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ ოპოზიციაზეა და ბრიუსელში და ვაშინგტონში გადაწყვეტილებების მიმღებთა კისერსა და მხრებზეა. დღეს კი ყველამ უნდა ვიზეიმოთ. მიმაჩნია, რომ რაც ახლა ხდება, არ არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ეს დიდი საერთო ძალისხმევისა და გამარჯვების შედეგია!

- ვიცით, რომ საქართველოში ევროსკეპტიკოსები თუ ბევრი არა, საკმაოდ ბევრი არიან. ახალ რეალობაში თქვენ რას ეტყოდით მათ?

- უპირველესად იმას, რომ ყოველგვარი სკეპტიციზმი თითქმის დაძლეულია, რადგან საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ეპოქალური გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს გაუხსნა შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა. ასეთ ვითარებაში ახლა სკეპტიციზმი სულ ცოტა უხერხულიც კია. თუმცა, ყველას თავისი არჩევანი აქვს.

ვფიქრობ, რომ გამარჯვების აღნიშვნის პარალელურად, ხვალ კი არა უკვე დღეს, უნდა ვადგენდეთ ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც გაითვალისწინებს ამ გამარჯვების შედეგად მიღებულ უნიკალურ შესაძლებლობას, საქართველოს მთავარ გამოწვევებს, რაც უზრუნველყოფდა ურყევ დემოკრატიულ, სამართლებრივ, წარმატებულ განვითარებას და ქვეყნის მთლიანობის აღდგენას.

ამ გეგმის ფარგლებში მიზანმიმართულად, შეზღუდულ დროში უნდა მოხდეს 2024 წლის არჩევნების ჩასატარებლად სამართლიანი, დემოკრატიული გარემოს შექმნა. ეს იქნებოდა ამ ნანატრი სტატუსის მთავარი შედეგიც. ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა და ყველაზე დიდი გამოწვევაც.

ამ გეგმის ფარგლებში მიზანმიმართულად, შეზღუდულ დროში უნდა მოხდეს 2024 წლის არჩევნების ჩასატარებლად სამართლიანი, დემოკრატიული გარემოს შექმნა. ეს იქნებოდა ამ ნანატრი სტატუსის მთავარი შედეგიც. ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა და ყველაზე დიდი გამოწვევაც

თუ ამას ვერ შევძლებთ, გარწმუნებთ, სულაც არ მინდა ეს წარმოვიდგინო, გაფიქრებაც კი არ მინდა, მაგრამ სტატუსი დარჩება სტატუსად, ქვეყანა კი ჭაობში. მჯერა, რომ ამას, ახლა, ამ უნიკალური შესაძლებლობებით შეიარაღებული ჩვენი საზოგადოება, დიდებული ახალგაზრდობა, მარტის თვეში რუსული, შავრაზმული კანონპროექტის წინააღმდეგ დარაზმული ქართველი ერი აღარ დაუშვებს.

სკეპტიციზმი სულ უფრო და უფრო გაქრება, დიდი ევროპული გამარჯვების სურვილი, ჟინი, კეთილგონიერება, შესაბამისი გამბედაობა და ძალისხმევა კი იმძლავრებს ჩვენში - მე ამის მტკიცედ მჯერა და ამას ვემსახურები თავდაუზოგავად - უმთავრესი ეპოქალური გამარჯვებების დრო ახლოვდება!

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ