საქართველო ფორუმში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ დაარსებიდან ყოველ ჯერზე მონაწილეობდა და ასევე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის მონაწილეობდა - ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, რომ აღნიშნულ ფორუმში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების მონაწილეობა წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება „რაიმენაირ ფარულ დიალოგშია“, ეს ასე არ არის.
მინისტრის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩინეთის პრეზიდენტის მოწვევის იგნორირება ქართული მხარის მხრიდან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა.
„ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე - დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ.
ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით,“ - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილი კომიტეტზე პოლიტიკურმა ჯგუფმა "ევროოპტიმისტებმა" დაიბარა.