ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასარჩევად - წარგიდგინოთ ზაზა გოგავა! ადამიანი, ვისაც საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და ევროპული მომავლის დასაცავად წლების მანძილზე, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამხარ, ფიზიკურად უბრძოლია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის ორგანიზაციის ფორუმზე განაცხადა, სადაც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ზაზა გოგავა აირჩიეს.
ხაბეიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსმა არ უნდა მოგვადუნოს და უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ის მოსაპოვებელია.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ხელისუფლების წინააღმდეგ - 1:0. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საქმით და ყველა სიტყვით ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ევროკავშირისკენ სვლას, ქართველმა ხალხმა მიიღო კანდიდატის სტატუსი. ქართველ ხალხს ცივილიზებულმა სამყარომ ძალიან ძლიერად ჩაგვკიდა ხელი და გვითხრა რომ ბრძოლას, შრომას და თავდადებას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საქართველო მათ გულებშია, რომ საქართველოსთვის მყარად აქვთ ჩაჭიდებული ხელი და რომ საქართველო თუ იბრძოლებს აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს და ქართველ ხალხს მიეცემა მის სამშობლოში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა.
ჩვენ კანდიდატის სტატუსმა არ უნდა მოგვადუნოს და უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ის მოსაპოვებელია! - საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ჩვენ ზუსტად ახლა გვჭირდება მოქმედება, რეფორმებისკენ, ცვლილებებისკენ, ევროკავშირისკენ, ანუ გარანტირებული მშვიდობის და კეთილდღეობისკენ - წინ სწრაფი სვლით სიარული. გასაგებია, რომ ხელისუფლება კვლავ ეცდება შეგვანელოს ამ გზაზე. ისე როგორც შეანელა და გააჩერა თბილისი. ადამიანები მრავალ საათს ატარებენ საცობებში, თბილისი გახდა გაუვალი და სამწუხაროდ, აქ არათუ ღირსეული ცხოვრება, არსებობაც კი უდიდესი გამოწვევა გახდა. მაგრამ თბილისს შეუძლია ორგანიზება, შეუძლია საკუთარ თავში ძალის გამონახვა, შეუძლია შთაგონება, სწრაფი მოქმედება და ყველას გაოცება.
და დღეს, თბილისი წინ მიდის, მოქმედებს, იღებს ძალიან თამამ, მასშტაბურ და საინტერესო გადაწყვეტილებას. ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ მაქვს შესაძლებლობა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასარჩევად - წარგიდგინოთ ბატონი ზაზა გოგავა! ზაზა გოგავა არის ადამიანი, ვისთვისაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არის მისი საქმეც, მისი პირადიც და მთელი მისი ცხოვრება. ეს არის ადამიანი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ემსახურა და ემსახურება საქართველოს! ეს არის ადამიანი ვისაც, საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და ევროპული მომავლის დასაცავად, წლების მანძილზე, ფიზიკურად უბრძოლია. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს სიყვარულით, საქართველოს დასაცავად, გაიარა გზა - რიგითობიდან - გენერლობამდე, ისე რომ არც ჯარში მსახურის დროს და არც შემდგომ, არასდროს შეუწყვეტია ყოფნა - რიგით ჯარისკაცად. ის დღემდე ცხოვრობს ამ განცდით, რომ არის საქართველოს რიგითი ჯარისკაცი. ვინ თუ არა ზაზამ, მან ყველაზე კარგად იცის რა ძალა აქვს ერთობას, ერთმანეთის გაგებას და ერთიანი სულისკვეთებას. როგორი საჭიროა მუშაობისას და საქმის კეთებისას - დისციპლინა. და როგორ შეიძლება სამშობლოსთვის ბრძოლაში - თავგანწირვა. აღარ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, მინდა თქვენი გადაწყვეტილებით, ამ დიდი ბრძოლაში რომელიც წინ გველოდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარმოგიდგინოთ ზაზა გოგავას კანდიდატურა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.