კვლევა - საქართველოში ყოველი მე-4 ქალი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა - საქართველოში ყოველ მეორე ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

საქართველოში ყოველი მე-4 ქალი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, - აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, 24%-ს - ფსიქოლოგიური ძალადობა; 8%-ს - ეკონომიკური ძალადობა; 6%-ს - ფიზიკური ძალადობა; 4%-ს - კი სექსუალური ძალადობა.

საქართველოში სექსუალური ძალადობა 18 წლამდე ასაკში ქალების 8.5%-ს გამოუცდია.

კვლევის თანახმად, ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. შემთხვევების 45.8%-ს ბავშვი შესწრებია. ამ ქალების 16.8%-ს ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე, ან თვითდაზიანებაზე.

„საქართველოში ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. როგორც ახალ ეროვნულ კვლევაშია აღნიშნული, ქალები, ამბობენ, რომ ამ შემთხვევების 41% ქუჩაში ხდება; 28% - საზოგადოებრივ ტრანსპორტში; 11% - სკოლაში ან უნივერსიტეტში; 8% - სამუშაო ადგილზე. საქართველოში ქალების 8.5%-ს ცხოვრების განმავლობაში ადევნება გამოუცდია.

15-24 წლის გოგოები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ადევნების მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან ხოლმე. ეს ნეგატიური გამოცდილება გოგოებს შემთხვევების 89%-ში კაცებისგან მიუღიათ, 57.5%-ის შემთხვევაში კი - უცნობებისგან.

საქართველოში სულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა, ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

ქალების უმრავლესობა გამოცდილ ძალადობაზე არ ლაპარაკობს. ამ თემაზე 38.2 %-ს არავისთან უსაუბრია; რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია; პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს.

რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კვლევაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის