გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერბეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დამკვირვებლების შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში მსგავსი ვითარება მიუღებელია.
„სერბეთმა ხმა მისცა, მაგრამ ეუთო/ოდირი საჯარო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებაზე, ამომრჩეველთა დაშინებასა და ხმების მოსყიდვის შემთხვევებზე იუწყება. ეს მიუღებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, კვირას, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლებმა სხვადასხვა დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის საჯარო რესურსების არამიზნობრივად გამოყენება, ამომრჩევლების დაშინება და ზეწოლა, ხმების მოსყიდვის შემთხვევები.