გაუარესებული დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მედია გარემო - ამ პროცესში უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს მოუწიოს იძულებით დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში, რაც საერთოდ არ მგონია ცუდი. ის უნდა იყოს მთავარი მოპასუხე იმ ბრალდებების, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ არსებობს, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ივანიშვილი სად გამოჩნდება, ეს არაფერს წყვეტს და ის რეალურად, არის გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი ღერძი.
„ივანიშვილი სად გამოჩნდება, ეს არაფერს წყვეტს. ის რეალურად, არის „ქართული ოცნების“ მმართველი და გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი ღერძი. ის „ქართული ოცნებისთვის“ ფინანსური და პოლიტიკური საყრდენია. ამიტომ ყველაფერი, რაც „ქართულ ოცნებას“ ეხება, ისედაც არის ივანიშვილი. ის გამოჩნდება თუ არა აქტიურ პოლიტიკაში, არაფორმალური მმართველობიდან გადაინაცვლებს თუ არა ფორმალური მმართველობისკენ, ეს დამოკიდებულია მის გადაწყვეტილებაზე და არც უნდა იყოს საზოგადოებისთვის საინტერესო. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭირს და არსებობს შესაძლებლობა, რომ ივანიშვილის დახმარება დასჭირდეთ, როგორც ეს იყო მეორედ მოსვლა, გამოჩენა, აწითლებული სახით საზოგადოებისთვის ბოდიშების მოხდა, რომ „კიდევ ერთი შანსი მოგვეცით“. საზოგადოებამ კიდევ ერთი შანსი მისცა „ქართულ ოცნებას“, თუმცა შედეგი, მგონი, იგივეა - გაუარესებული დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მედია გარემო და ა.შ. ამ პროცესში უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ივანიშვილს მოუწიოს იძულებით დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში, რაც საერთოდ არ მგონია ცუდი. ის უნდა იყოს მთავარი მოპასუხე იმ ბრალდებების რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ახლანდელი რეიტინგი არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ხელში და ივანიშვილის გავლენის ქვეშ“.
„ქართულ ოცნებას“ ინდივიდუალურად არ აქვს არანაირი ტიპის მხარდაჭერა. ვინ არის „ქართული ოცნება“ - ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთი სიტყვით გადააყენა ივანიშვილმა, როდესაც ბრალი დასდო მას კორუფციაში. ითქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები ძალიან ბევრი მოუვიდათ. ცოტა კიდევ მისაღები იყო ივანიშვილისთვის, მაგრამ ზედმეტი მოუვიდათ საბიუჯეტო სახსრებთან და კორუფციასთან დაკავშირებით და გაუშვა პრემიერობიდან. ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული გავლენა აქვს „ქართული ოცნების“ რეიტინგზე? - არა. ირაკლი კობახიძეს მოუწია პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა და ესეც ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. „ქართულ ოცნებაში“ მსგავს გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობენ“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
გარდა ამისა, კუპრაძემ სხვა თემებზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას, ხომ არ განიხილება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური პარტნიორობის საკითხი. მისი თქმით, ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
„პოლიტიკურ თანამშრომლობებს არ ვუყურებთ სპეკულაციურად, ვუყურებთ მარტივად. როცა გადაწყვეტს ქალბატონი პრეზიდენტი და იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც შეეძლება პრეზიდენტის სტატუსის, შემზღუდავი ფაქტორების გათვალისწინების მიღმა დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი იყოს, შევიკრიბებით გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტსაბჭო „ლელოში“ და ვიმსჯელებთ, რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს, თუ ეს გვინდა, თუ მასაც უნდა და ა.შ. ამაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, რადგან ის ჯერ პრეზიდენტია, იგივე ეხება სხვა პოლიტიკურ აქტორს, რომელიც პოლიტიკურ ველზეა. ჯერ თავადაც უნდა გამოთქვან სურვილი, გამყარდნენ, მოიხსნან შემზღუდავი ფაქტორები, რაც მათ აქვთ და შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, თუ ერთმანეთთან ეს შეთავაზებები გვექნება. ამ ეტაპზე არანაირი მსგავსი შეთავაზება დღის წესრიგში არ დგას“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, კუპრაძე გამოეხმაურა საკითხს, რომ საქართველო „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივების მხარდამჭერთა სიაში არ არის. როგორც მან აღნიშნა, „შეუძლებელია ეს ხელისუფალი იყოს გამბედავი და ღირსეული სანქციებთან და „მაგნიტსკის სიასთან“ შეერთებაში“.
„ლელოს არ გააჩნია „ქართულ ოცნებასთან“ კითხვები. ლელოს“ აქვს პოზიცია „ქართულ ოცნებასთან“. „ქართული ოცნება“ არის ხელისუფალი, რომელიც ემსახურება პუტინის და კრემლის ინტერესებს. შეუძლებელია ეს ხელისუფალი იყოს გამბედავი და ღირსეული სანქციებთან, „მაგნიტსკის სიასთან“ შეერთებაში. „ლელოს“ მოთხოვნაა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც გადის ეროვნულ ღირსებაზე -ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გინტურის სია ჩემთვის იგივეა, რაც „მაგნიტსკის სია“. ეს გვარები უნდა იყოს მაგ სიის ნაწილი, იმისთვის, რომ ეს მოახერხო ღირსეულმა და თავმოყვარე ხელისუფალმა, ამის სურვილი უნდა გქონდეს. არ უნდა იყო კრემლის მსახურებაში მყოფი და უნდა გქონდეს კომპეტენცია, რომ ეს გაიტანო. ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში ეშინიათ იმ რეზოლუციაზე თითის დაჭერა, სადაც თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობა ღიად შეიძლება“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.