საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო მოხელის დღე და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დაარსებიდან 28 წლისთავი აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც აკადემიკოსმა, დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, სადაც „საჯარო მმართველობის“ საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს, ამ პერიოდში კი დეპარტამენტი განვითარდა და უკვე სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.
„გვეამაყება, რომ სწორედ ჩვენი უნივერსიტეტია ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება სადაც საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყანაში საჯარო მოხელეების მომზადებას. 1995 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწო სახელმწიფო მოხელის საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. ყველაფერი იყო ახალი, როგორც სპეციალობა, ასევე პროგრამა, სასწავლო კურსები და სათანადო მატერიალური ბაზა. ჩვენი უნივერსიტეტი იყო საქართველოში პირველი სადაც 2001 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო მოხელის კათედრა, რითაც საფუძველი ჩაეყარა არა მარტო სწავლების გაუმჯობესების საქმეს, არამედ მეცნიერულ საქმიანობას. სულ მოკლე დროში დამუშავდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა და ფუნქციონირება დაიწყო მაგისტრატურამ. კათედრის პროფესორ-მასწავლებლების, თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწეების ძალისხმევით გამოიცა არაერთი მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რამაც სათანადო საფუძველი შექმნა მომავალი სამეცნიერო საქმიანობისთვის. 2012 წელს აკრედიტაცია მიიღო საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამამ, რომელიც ხორციელდება უკვე სახელმწიფო მოხელის კათედრის, გერმანულენოვანი ინსტიტუტის გაერთიანების ბაზაზე შექმნილ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში. დეპარტამენტის უცვლელი ხელმძღვანელია პროფესორი გენადი იაშვილი, რომლის მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ ის იყო სახელმწიფო მართვის სწავლების ერთერთი ინიციატორი ჩვენს უნივერსიტეტში. არ შეძლება არ აღვნიშნოთ ის, რომ დეპარტამენტში წარმატებით ფუნქციონირებს საჯარო მმართველობის კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი. ინსტიტუტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს რეფერირების საბჭო სამამულო და უცხოელი მეცნიერების შემადგენლობით. ინსტიტუტი მრავალი სასარგებლო წამოწყების ინიციატორი და სულისჩამდგმელია. არანაკლებ სასარგებლო საქმიანობას ეწევა დეპარტამენტში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია, რომელსაც პროფესორი შოთა დოღონაძე უძღვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.
საჯარო მოხელის დღე და საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დაარსებიდან 28 წლისთავი კოლეგებს მიულოცა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა. როგორც პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა: „დეპარტამენტში მოქმედმა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებმა რამდენიმე თვის წინ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცესი და მიიღეს 7 წლიანი აკრედიტაცია. ვულოცავ მათ ამ წარმატებას და ახალ მიღწევებს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. ამჟამად მზადდება აკრედიტაციისთვის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა, რომელსაც ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთდ განვახორციელებთ“.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინსტიტუტმა სკოლის მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი ჩაატარა.
„ჩვენი დღევანდელი ღონისძიება საჯარო მოხელის დღესა და საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტს დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა, საჯარო მმართველობის კვლევითი ინსტიტუტი კი მხოლოდ 6 წლისაა, თუმცა, გაგვაჩნია ამბიცია ფუნდამენტური კვლევების განვითარებაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის დანერგვის ახალი მოდელების შექმნაში. ჩვენ გაგვაჩნია სამეცნიერო სპარინგის ახალი მოდელი, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა. პროექტი გულისხმობს თაობათა შორის ურთიერთობას კვლევების მიმართულებით, ესაა ახალი თაობის ე.წ. ვარჯიში თუ როგორ დასძლიონ რთული ლაბირინთები, თავიანთი მიღწევები გახადონ სახალხო და ყველასათვის გასაგები. ტექნიკურ უნივერსიტეტს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა გააჩნია საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის კუთხით, ესაა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები თავისი კვლევითი ინსტიტუტით, კვლევითი ლაბორატორიებით. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ესეების კონკურსი გამოვაცხადეთ, 400 სკოლა ჩაერთო პროექტში. მეათე-მეთორმეტე კლასელებიდან 89 ნომინანტი გვყავს სხვადასხვა ნომინაციაში. მათთან კონტაქტს საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში გავაგრძელებთ. როგორც პრაქტიკამ აჩვენა უნივერსიტეტის რექტორის მიერ დაწესებული ინიციატივა ახალ იდეებსაც ბადებს და ერთმანეთის მიღწევების გაცნობის შესაძლებლობასაც იძლევა“, - განაცხადა მარიამ ცაცანაშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს უმაღლესი დონის სასწავლო-კვლევითი გარემოს შექმნაში განსაკუთრებული წვლილისთვის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტმა და საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტმა მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიების დასასრულს ესეების კონკურსში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: ევროინტეგრაცია და ჩვენი მოლოდინები; მე რომ მერად ამრჩევდნენ; რა ცვლილებებს ველოდები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში - ომი თუ მშვიდობა და ხელოვნური ინტელექტი - უკეთურება თუ სიკეთე 21-ე საუკუნეში?. ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლები კი დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: „ცოდნის მეგზური“, „საუკეთესო მენტორი“, „ინოვაციური მეთოდების კაპიტანი“ „ახალი პროგრამების ლიდერი “; „სტუდენტების სიმპატია“. დეპარტამენტის ადმინისტრაციული პერსონალის დაჯილდოვდა ნომინაციებში: „სტუდენტთა მეგობარი“, გუნდური თანამშრომლობის მაესტრო“, „სტრატეგიული მენეჯერი“, საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტები კი - „წლის წარჩინებული“, „კულტურის ატაშე“, „კრეატიულ იმიტატორთა გუნდი“, „ბატონი სპორტსმენი“, „მელოდიის მაესტრო“.