საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დამსწრე საზოგადოებას ფაკულტეტის დღე მიულოცა და მიმოიხილა ფაკულტეტის ისტორია, ისაუბრა იმ წარმატებულ პროექტებზე, რომელიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს.
„ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, რომელიც უკვე 101 წელია ამზადებს სპეციალისტებს ქიმიური და მეტალურგიული ტექნოლოგიების მიმართულებით. ფასდაუდებელია ის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს ფაკულტეტის ღვაწლმოსილმა ამაგდარმა მეცნიერებმა გიორგი ნიკოლაძემ, რუსუდან ნიკოლაძემ, დიმიტრი ერისთავმა, ნიკოლოზ ლანდიამ, ვასილ კაკაბაძემ, რაფიელ აგლაძემ, კალისტრატე ქუთათელაძემ, გივი ცინცაძემ და დარგის სხვა ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა. სამწუხაროდ, დეკანი, შესანიშნავი მეტალურგი, პედაგოგი და მეცნიერი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, მიმძიმს იმ ადამიანზე, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი, წარსულ დროში საუბარი. მან დატოვა მემკვიდრეობა, რომელსაც განვითარება სჭირდება. დღეს ფაკულტეტს ახალი მენეჯმენტი მართავს. მინდა წარმატებები ვუსურვო დეკანს, ფაკულტეტს, სტუდენტებს“, - განაცხადა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პროფესორი დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. წელს ჩვენ უკვე მეორედ აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს. შარშან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გახსნა ნიკოლოზ და გურამ ქაშაკაშვილების დარბაზი, „ჰაიდელბერგცემენტის“ აუდიტორია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ფოტოექსპოზიცია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული ლაბორატორია წარმატებით მუშაობს. რექტორის მხარდაჭერით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ფაკულტეტზე ინფრასტრუქტურის განახლების შესახებ. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება თეატრ-სტუდია „მოდინახეს“. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც დარგის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი. დიდი მადლობა ბატონ რექტორს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის“, - განაცხადა პროფესორმა ლიანა თარგამაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება დაეთვალიერებინა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, თანამშრომელთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, განსაკუთრებული აკადემიური და სამეცნიერო ღვაწლისთვის, გარდაცვალების შემდეგ სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი. საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ პროფესორები: ზვიად კოვზირიძე, დენიტა ბიბილეიშვილი, ზურაბ სიმონგულაშვილი, იზოლდა ბაზღაძე, თეიმურაზ ბუაჩიძე. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: ნინო დოლიძე და გვანცა ბერიშვილი.
ინფორმაციისთვის, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება 8 საბაკალავრო, 6 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამებზე. საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით ფაკულტეტი მალე განახორციელებს მიღებას “მეტალურგიისა” და “ფარმაციის” ინგლისურენოვან პროგრამებზეც. ფაკულტეტზე მოღვაწეობს 116 აკადემიური პერსონალი, მათ შორის: 43 პროფესორი, 51 ასოცირებული პროფესორი, 20 ასისტენტ-პროფესორი და 2 ასისტენტი. ფაკულტეტზე მოღვაწე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო თემატიკა ეფუძნება, როგორც ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევებს, ასევე გამოყენებითი მეცნიერების წინაშე მდგარ რეალურ პრობლემებს.