აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ლაზარე გრიგორიდისის, ძმები წულუკიძეების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.
აღნიშნული განცხადებებით ოპოზიციის წევრებმა მმართველ გუნდს მიმართეს.
„კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც არ შეცვლილხართ, ისიც ვერ შეძელით ევროპულად აღგენიშნათ ეს დიდი წარმატება, ევროპელობა იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ერთად რომ მდგარიყვნენ სცენაზე, მაგრამ პუტინის ტყვეობაში გყავთ მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი არ მიიწვიეთ, ხოლო სალომე ზურაბიშვილს არ მიეცით სიტყვა. რუსთაველის გამზირზე როცა იდექით, მანამდე იქ იდგა ქართველი ხალხი, მათ შორის, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც აპროტესტებდა რუსულ კანონს. დღეს ის თქვენ ტყვეობაში გყავთ, თქვენ მას წაართვით თავისუფლებაც და ზეიმის უფლებაც. სწორედ ლაზარე და აქციაზე მდგომი ხალხი იმსახურებდა მადლობასაც და აღნიშვნასაც. ჰოდა, მეგობრებო ეს არ არის ევროპელობა, მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც გილოცავთ თქვენც, არა იმიტომ, რომ ეს დაიმსახურეთ, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ხართ. მოგიწოდებთ, ახლა მაინც გადადგათ 9 ნაბიჯი ევროპისაკენ, სხვა შემთხვევაში ქართველი ხალხი გადავდგამთ ერთად ამ ნაბიჯებს თქვენს გარეშე. თქვენ ვერ წაგვართმევთ ქართველ ხალხს ევროპელობას, ვერც მიხეილ სააკაშვილს წაართმევთ ევროპელობას და ვერც ლაზარე გრიგორიადისს“, - განაცხადა გია აბულაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მილოცვით გაიხსნა.
შეკრებილებმა განაცხადეს, რომ საქართველო ევროპის ოჯახის წევრია, ეს თაობებმა არაერთხელ დაამტკიცეს თავისი ბრძოლით, კულტურითა და ტრადიციებით. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, რომელსაც კენჭს უყრიან.