საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებაა

სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებაა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC), როგორც ნეიტრალური შუამავალი, თავმჯდომარეობდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განმარტებით, განხილული საკითხები მოიცავდა 2023 წლის 14 მარტს ბელგრადში (სერბეთი) გამართული საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას. დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა ინფორმაციის მოძიების საჭიროება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრის დასადგენად. ასევე, განხილულ იქნა პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე გამოწვევები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ინფორმაციის გაძლიერებული ძალისხმევით მოპოვებისა და გაცვლისათვის საჭირო პრაქტიკულ ნაბიჯებზე, პროცესის უფრო სწრაფი ტემპით წარმართვისთვის.

„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 273 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს ღირსეულად დასაკრძალად. თუმცა 1870 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მონაწილეთა შორის არსებული მკაცრად ჰუმანიტარული დიალოგი და მათი გაზრდილი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ ამ ადამიანების ოჯახებისთვის პასუხის გაცემისთვის“,- განაცხადა ICRC-ის დესპანმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კავკასიაში ანიეს ქოთუმ, რომელიც შეხვედრის თავმჯდომარე იყო.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს. 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. ICRC, როგორც ნეიტრალური ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მხარს უჭერს მექანიზმს, მათ შორის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო