„ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს რთული წარსული - მე მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს თვითაქტუალიზაცია, მაგრამ მე მოვუწოდებ მას, პოლიტიკურ თემებზე თავადაც მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, იმიტომ, რომ მისი ფაქტორი ერთხელ ძალიან კარგად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლებელია კოორდინაცია, მაგრამ არაპოლიტიკურ თემებზე. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს თვისობრივად ახალი კოალიცია, რომელიც არ შეიკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო.
„ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს რთული წარსული. ეს მოძრაობა გვყავს ხელისუფლებაში ნანახი და სამწუხარო სწორედ ეს არის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არათუ გამოცვალა რთული პრობლემები, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და წერტილი დაუსვა, არამედ სრულად გადმოიბარა და პირიქით, ბევრი მიმართულებით გააღრმავა კიდეც. წარსულის ეს მახსოვრობა ძალიან ცხადია და ცოცხალია როგორც ამომრჩეველში, ისე პოლიტიკურ ძალებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, ჩვენ პატივს ვცემთ ამ ამომრჩევლის სურვილს, ნებას, განწყობას, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ამომრჩეველი და საზოგადოება, რომელსაც არ შეუძლია დაივიწყოს ის, რაც ხდებოდა წარსულში. აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლოა, კოორდინაცია, როგორც ყველასთან, იყოს ისეთ თემებზე, რომლებიც წმინდა პოლიტიკური თემები არ არის და ასეთი თემები ბევრია“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ გაკეთებული განცხადებებით თვითაქტუალიზაციას ცდილობს.
„რაც შეეხება სააკაშვილს, მე მესმის, რომ მას სურს თვითაქტუალიზაცია, სურს თავისი პარტიისა და თავისი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ ის არ წარმოადგენს არავითარ ფაქტორს დანარჩენი ოპოზიციისთვის. ჩვენთვის ის არის პატიმარი, რომლის უფლებები დაირღვა სერიოზულად და ჩვენ ამას ვაპროტესტებდით, ვითხოვდით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებული ყოფილიყო შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული ზომები, და მისი გადაყვანა მომხდარიყო სამკურნალო დაწესებულებაში, თუნდაც საზღვარგარეთ, როგორც ამას ითხოვდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი, ეს ასე არ მოხდა და დღეს, როგორც ჩანს, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ უკეთესად არის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
რაც შეეხება საკითხს, უნდა მოხდეს თუ არა სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ პერსონასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახდა საერთაშორისო მასშტაბით ძალიან მძიმე მოვლენა დემოკრატიული თვალსაზრისით, ამ ხელისუფლების პირობებში, მეტ სიფრთხილე არის საჭირო ამ პერსონასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მოვუწოდებ სააკაშვილს, პოლიტიკურ თემებზე თავადაც მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, იმიტომ, რომ მისი ფაქტორი ერთხელ ძალიან კარგად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც ის მეორე ტურის დროს ჩამოვიდა საქართველოში. დღესაც, როდესაც „ქართული ოცნება“ ყველას ნაცს ეძახის, ჩვენი სიყვარულით გვეძახის ამას?! ჩვენთვის კარგი უნდა და მაგიტომ გვეძახის ?! მან იცის, რომ როდესაც ყველა „ნაცია“, მაშინ „ქართული ოცნება“ მოგებული რჩება. ეს ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც. ამიტომ, მათ მიხედონ თავიანთ თავს, თავიანთ ამომრჩეველს, ჩვენ გვყავს ჩვენი ამომრჩევლები, გვაქვს ჩვენი ხაზი, ჩვენი ხედვა და ვთვლით, რომ მომავალში ამ ორი პოლიტიკური ძალის მიმართ, პოლიტიკურად საკმაოდ დასვრილი ძალის მიმართ, ასეთი ნდობა ვეღარ იქნება, როგორიც შეიძლება იყოს ახალი პოლიტიკური ძალებისადმი. ამიტომ, მათ არჩევნებში მონაწილეობას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში არასდროს არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით ამ პოლიტიკურმა ძალებმა ერთპიროვნულად ვერ ჩაიგდონ მმართველობა, მეტსაც გეტყვით, 2024 წლის არჩევნებმა რეალური კოალიციური სიახლე უნდა გამოკვეთონ და არა, მაგალითად, კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ან კოალიცია „ქართული ოცნების“ გარშემო. არავითარი „გარშემო“, ეს უნდა იყოს სრულიად ახალი კოალიციური ერთობა, მხოლოდ ამას დაიჯერებს ქართველი ამომრჩეველი და მხოლოდ ასე დადგება ცვლილება“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.