„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 2023 წლის დეკემბერში დეკემბერში მთავრობის მიერ გასხვისებული 14 სახელმწიფო ქონებიდან 6 კითხვებს აჩენს.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
„ყოველ კვირას საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა სახელმწიფო ქონება გადასცეს პირდაპირი პრივატიზაციის წესით ამა თუ იმ კომპანიას ან ფიზიკურ პირს. ამ გადაწყვეტილებებზე მიღებული განკარგულებები უკვე მესამე წელია კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ ქვეყნდება, რის გამოც უცნობია, ქონება ვინ რა პირობებით დაისაკუთრა ან რა შეღავათებს უწესებს მთავრობა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, ამიტომაც ამ სფეროში გაუმჭვირვალობა დაუშვებელია.
2023 წლის დეკემბერში მთავრობის სხდომებზე განსახილველი 32 საკითხიდან 14 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა, რომელთაგან 6 გარკვეულ კითხვებს აჩენს:
ანონიმური პრივატიზაცია: მთავრობის დღის წესრიგში შეტანილი იყო პრივატიზების ორი გადაწყვეტილება, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი: არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები.
შპს „სომგოს კომპანია“: 4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა შპს „სომგოს კომპანიას“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. ამ კომპანიას მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს პირდაპირი პრივატიზების გზით, სიმბოლურ ფასად გადასცა 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიღნაღში, სასტუმროს აშენების პირობით. სავარაუდოა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებას გულისხმობდა, რისი დეტალებიც უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ გასაჯაროვდა.
შპს „გლობალ ენტერპრაიზი“: 4 დეკემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეტარებინა გარკვეული ღონისძიებები შპს “გლობალ ენტერპრაიზისის” საქმიანობის ხელშესაწყობად. 2018 წელს შპს “გლობალ ენტერპრაიზისმა” სახელმწიფოსგან 15,512 კვ.მ. მიწა და მასზე არსებული 5 შენობა მარილის საწარმოს აშენების პირობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო. ამასთან, კომპანია დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში-ს“ მიერ. გაურკვეველია ხელშეწყობის რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მთავრობა ამ კომპანიასთან მიმართებაში.
შპს „ნიკორა“: 4 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები ასევე შეუცვალა შპს “ნიკორას”. საუბარია კომპანიისთვის 2021 წლის 14 დეკემბერს გადაცემულ 8,925 კვ.მ. უძრავ ქონებაზე თბილისში, რომლის საპრივატიზაციო პირობები ასევე უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება არც მაშინ გამოქვეყნებულა.
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი: 19 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. 2009 წელს ლაშა პაპაშვილს აბასთუმანში 78,998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა, სასტუმროს აშენების პირობით. პირობის არშესრულების შემდეგ, მთავრობამ პაპაშვილის ხელშესაწყობად პრივატიზაციის პროექტში ცვლილებები სამჯერ შეიტანა: 2014, 2016 და 2018 წლებში. მთავრობის 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაც, შესაძლოა, საინვესტიციო ვალდებულებების მორიგ ჯერზე გადახედვას ეხებოდეს, თუმცა ამჯერად დეტალები უცნობია, რადგან მთავრობა შესაბამის დოკუმენტს არ ასაჯაროებს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები“, - ნათქვამია განცხადებაში.