საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნების ფარგლებში, სტუ-ის აკადემიური საბჭოს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, სტუ-ის სენატის და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კანცლერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.

კარლო კოპალიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ამასთანავე, კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა განაცხადა, ორგანიზაციული განვითარების კუთხით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მართვის ეფექტიანობის ამაღლების და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება/აღმოფხვრის მიზნით, უნივერსიტეტმა დანერგა და იყენებს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტს ISO:9001. უნივერსიტეტის საქმიანობა, აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მომავალშიც გაგრძელდება.

სტუ-ის კანცლერის განცხადებით, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და ორგანიზაციული კომუნიკაციის დახვეწის მიზნით მოხდა არსებული ამორტიზებული WI-FI წერტილების განახლება, კომპიუტერული ქსელის გამტარუნარიანობის და საიმედოობის გაუმჯობესება, უსადენო დაფარვის ზონის გაფართოებისათვის საჭირო მოწყობილობების შესყიდვა და მონტაჟი, გარე გამოყენების კამერების შესყიდვა/ინსტალაცია და სხვ. განხორციელდა როგორც სერვერული და კომპიუტერული, ისე პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. უნივერსიტეტი გეგმავს მე-6 სასწავლო კორპუსში არანაკლებ 300 კაციანი კომპიუტერული ცენტრის ამოქმედებას. ასევე, მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება. უახლოეს ხანში დაიბეჭდება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი, როგორც ასწლოვანი ისტორიის მატიანე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სავიზიტო ბარათი.

„ჩემთვის დიდი პატივია და უდიდესი მოტივაცია კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში. კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის განვლილმა ოთხმა წელმა საშუალება მომცა ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა უნივერსიტეტის საქმიანობაში, მისი მუშაობის წარმატებაში. მადლობას ვუხდი ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს ყველა წევრს, რომლებმაც 2020 წელს საშუალება მომცეს და ნდობა გამომიცხადეს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობა დამეკავებინა. თქვენ მაშინ ირწმუნეთ ჩემი და მეც შევეცადე, რომ ეს ნდობა უნივერსიტეტის, მისი სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების, დამხმარე პერსონალის, კურსდამთავრებულების და უნივერსიტეტთან დაკავშირებული ადამიანების ინტერესების უზრუნველსაყოფად გამომეყენებინა. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს უნივერსიტეტის სახელისა და იმიჯის ამაღლებისთვის გაწეული იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ოთხი წლის თავზე გველაპარაკა უნივერსიტეტის რეიტინგულ ზრდაზე, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, სტუდენტთა გაზრდილ კონტინგენტზე და ტექნიკური უნივერსიტეტისათვის განხორციელებულ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეზე. რექტორის მხარდაჭერით უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმების დადებითი შედეგები ასახულია თითოეულ თანამშრომელზე. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ: 2021 წელს განხორციელდა აკადემიური პერსონალის არჩევა და სახელფასო ზრდა, რამაც ხელი შეუწყო უნივერსიტეტის პროფესურისათვის ანაზღაურების მატებას. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ხელფასების მატება პრიორიტეტულია და მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ მისი კვლავ გაზრდისათვის. კვლავ გაგრძელდება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ხელშეწყობა, რომ მათ მოიპოვონ ეროვნული თუ საერთაშორისო გრანტები, რასაც გარდა აკადემიური და სამეცნიერო მიღწევებისა, აქვს წმინდა მატერიალური წახალისების ეფექტიც.

ჩვენ გვყავს მიზანსწრაფული და გონიერი ახალგაზრდა თაობა. ბოლო წლებში უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიერ გატარებულმა რეფორმებმა გაზარდა სტუდენტების კონტინგენტი. შესაბამისად მოხდა უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება. ჩემი მიზანი იქნება მიღწეული შედეგების გაანალიზება და მათი სამომავლო გაგრძელება.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მიღწევად მიმაჩნია ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის “მოდი-ნახე“, (რომელსაც რამდენიმე გასტროლი უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით), აგრეთვე საამაყოა ჯაზ-ორკესტრის, ვაჟთა კაპელისა და შემოქმედებითი გუნდების მუშაობის გააქტიურება, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სწავლისა და კულტურული ღონისძიებების ურთიერთშეხამება, მათი სულიერი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული არაერთ სპორტულ, კულტურულ და შემეცნებითი აქტივობების ყოველწლიური ღონისძიებების ორგანიზებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის წარმოებაში. აღნიშნულ ღონისძიებებს უნივერსიტეტი წარსულშიც მნიშვნელოვნად აფინანსებდა და მომდევნო წლებშიც მას მიენიჭება პრიორიტეტი“, - განაცხადა თავის გამოსვლაში კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს კარლო კოპალიანმა აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრების კითხვებს გასცა პასუხები.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში