მიხეილ სააკაშვილი არის უნივერსალური ჯოკერი ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელსაც ძალიან წარმატებით გამოიყენებს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება მოლაპარაკე სააკაშვილი, რომელიც საუკეთესო „საფრთხობელა“ იქნება 2024 წლისთვის.
„პროცესი „ოცნების“ და ივანიშვილის დირიჟორობით მიმდინარეობს თავიდან ბოლომდე. მოლაპარაკე სააკაშვილი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გააერთიანოს, საუკეთესო საფრთხობელა უნდა იყოს 2024 წელს, ეს ჭირდება „ქართულ ოცნებას“. 100 არჩევნებიდან 100-ს მოუგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ „ოცნების“ ხელისუფლება. ეს არის მოცემულობა და ამ ქვეყნის უახლოესი ისტორია. „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ზიზღი აქვს დათესილი ასეთი, რომ IRI-ის კვლევებში იმაზე ნეგატიური მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე „ოცნების“ ხელისუფლებას, რომელმაც გააღარიბა ადამიანები. „ნაციონალური მოძრაობა“ საუკეთესო კონკურენტია „ოცნებისთვის“ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ზიზღი ადამიანებს აერთიანებს და კრებს და ეს გვაზარალებს სხვა პარტიებსაც. 2021 წელსაც ასე იყო. არ გახსოვთ, სააკაშვილი რომ ჩამოქანდა ქვეყანაში, როგორ პოლარიზდა გარემო და გაიყო ხმები? მე კარგად მახსოვს. თუ დასჭირდებათ მიხეილ სააკაშვილს იქიდანაც გამოიყენებენ და აქედანაც. შეიძლება გამოუშვან კიდეც, ამის თეორიულ შესაძლებლობას ვუშვებთ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას თქმით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება ეძლევა, რაც მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა.
„გამოვიდეს მაინც სახელმწიფო უწყება და თქვას, სააკაშვილი მძიმედაა და ვტოვებთ მას პალატაშიო. აქ კიდევ მეორე საკითხია, საერთოდ რატომ ეძლევა პატიმარს აქტიური საარჩევნო უფლება? ხმის მიცემის უფლებაც არ აქვს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმარს. ამ ადამიანს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რატომ ეძლევა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება? ხან უკრაინულად მოგვმართავს, ხან ინგლისურად მოგვმართავს, ხან დაავიწყდება ქართული და გვეტყვის, რომ ქართულ პოლიტიკაში არ ვმონაწილეობ, ხან კიდევ გაახსენდება რომ ქართველია და ახლა ეს „სუპერ პაკი-პუკი“, საბჭოებს ქმნის. წარმოუდგენელი რაღაც ხდება, ეს არის მართლმსაჯულების შეურაცხყოფა და ეს „ოცნების“ ნება-სურვილის გარეშე ხდება?“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.