ბექა ოდიშარია - მსოფლიოში მრავალი წარმატებული დიასპორა არსებობს, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე მისაღები „ირლანდიური მოდელია"

ირლანდიის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ და ფრიდონ ინჯიამ შეხვედრა გამართეს სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში შონ ფლემინგთან. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით ირლანდიის რესპუბლიკის გამოცდილების გაცნობა და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობაში „ირლანდიური მოდელის" დანერგვა. „მსოფლიოში მრავალი წარმატებული დიასპორა არსებობს, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე მისაღები „ირლანდიური მოდელია", რომელიც ორიენტირებულია დიასპორის ეკონომიკურ უნარებზე, პირდაპირი დიასპორული ინვესტიციების მოზიდვაზე, წარმატებულ კომერციულ პროექტებზე და მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების საშუალო რგოლის მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე. მე არაერთხელ გამიჟღერებია პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე, რომ ჩვენი ქვეყნისათვის სამაგალითოა ირლანდიური დიასპორის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. „ირლანდიური მოდელის" ეფექტიანად დამკვიდრება ხელს შეგვიწყობს ეკონომიკური წარმატების მიღწევაში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. როგორც ბექა ოდიშარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში, უახლოეს მომავალში, იგეგმება უცხოეთში წარმატებული ქართველების დიდი ეკონომიკური ფორუმის ჩატარება, სადაც დიასპორელებს პირადად გააცნობენ ყველა მაღალი თანამდებობის პირს და მათთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებაც ექნებათ.

„ასევე, დიასპორელები გაეცნობიან სხვადასხვა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებს, რომლებიც უპირატესად თავმოყრილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ამ პროგრამებისა და ბიზნეს პორტფოლიოების უმრავლესობა უშუალოდ მორგებულია ქართული დიასპორის ინტერესებზე. ბექა ოდიშარიამ სახელმწიფო მინისტრი პირადად მოიწვია აღნიშნულ ფორუმზე, რომ მოხდეს დიასპორასთან ურთიერთობის ირლანდიური გამოცდილების გაზიარება საქართველოს ხელისუფლებისა და დიასპორის წარმომადგენლებისათვის. სახელმწიფო მინისტრმა შონ ფლემინგმა, თავის მხრივ, გამოთქვა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში წარმატებული დიასპორელების ეკონომიკურ ფორუმში და ქართულ მხარეს აღმოუჩინოს კვალიფიციური დახმარება ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი და საელჩოს წარმომადგენლები“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე