მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და ეს არის ის, რაც შეუძლებელი ჩანდა სულ რაღაც სამი წლის წინ.
"ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა მოლდოვის ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის. ჩვენ გვაქვს ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ ქვეყანას მკაფიოდ ვუთხრათ, თუ რა გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის. მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის მომავალი წლის შემოდგომაზე ჩატარების ორგანიზება. ამ რეფერენდუმში გადამწყვეტი მოქალაქეების ხმა იქნება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მან ასევე თხოვნით მიმართა მოლდოვის მოქალაქეებს მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას „ევროპული ინტეგრაციის მისიის შესასრულებლად“.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირეს მხარი.