მამუკა გამყრელიძე -  ბალადა, რომ ხვალ „ქართული ოცნება“ დამთავრდება, რეალური არ არის - ხელისუფლება ძლიერად გრძნობს თავს წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს პოზიტიური დღის წესრიგის დამყარება

ხელისუფლება საკმაოდ, ძლიერია. კომფორტულად და ძლიერად გრძნობს თავს წინასაარჩევნოდ - ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს პოზიტიური დღის წესრიგის დამყარება , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ „ქართული ოცნება“ დასრულდება, რეალური არ არის.

„სამწუხაროდ, ოპოზიციაში დღის წესრიგი არის იგივე, რომ „ქართული ოცნება“ რუსული ძალაა, მტერია, მონაა და ა.შ.. კვლავ გრძელდება შეურაცხყოფა. ასევე, ბალადა იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ დამთავრდება „ქართული ოცნება“ ... ეს ასე არ არის. რეალურად, ხელისუფლება, საკმაოდ, ძლიერია. კომფორტულად და ძლიერად გრძნობს თავს წინასაარჩევნოდ. ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს პოზიტიური დღის წესრიგის დამყარება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე მოსაზრებით, ხელისუფლების მისამართით „პრორუსის“ შეძახილი არ მუშაობას.

„მოსახლეობას არ უჩნდება ზიზღის გრძნობა, იმიტომ, რომ ხელისუფლება პრორუსია. ამას მე თუ ვიძახი, ჩემს მიმართ უფრო არის გაღიზიანება, ვიდრე ხელისუფლების მიმართ. ამას ოდესმე ხომ უნდა მიხვდე?! მოსახლეობა შენგან ელოდება ისეთ რამეს, რითაც მას ცხოვრება გაუუმჯობესდება. ეს უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, ხელისუფლების მიმართ, თუ საგნობრივი კრიტიკა არ იქნება, აზრი არ აქვს „იარლიყების დაკიდებას“.

„ქართული ოცნება“ არ იწებებს არანაირ იარლიყს, ეს გამოჩნდა. პირიქით, ოპოზიცია იწებებს ამ იარლიყებს. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა: „ომის პარტია“ და უცებ შეახოცეს ხელი ოპოზიციას. შესწავლა ჭირდება იმას, თუ რატომ მუშაობს ხელისუფლების იარლიყები და რატომ არ მუშაობს ოპოზიციის იარლიყები. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ 2023 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის 2023 წლის მთავარი მოვლენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იყო.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან არა რეკომენდაციები, არამედ მოთხოვნები იქნება, მოთხოვნების არ შესრულება კი საქართველოს დააზიანებს.

„შემდგომში რა იქნება, ესეც ძალიან საინტერესოა - წევრობამდე შემდგომი ნაბიჯი ეს არის დიალოგის გახსნა. 2030 წლისთვის უნდა მოხდეს ევროკავშირის გაფართოება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მალე მივიღოთ დიალოგის გახსნის საშუალება და 2030 წლამდე დრო გვექნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. არ ვიცი ამისთვის საქართველო რას გააკეთებს. ბოლო დროს, ვენეციის კომისიიდან მოვიდა გარკვეული შესწორებები და პასუხი ჩვენი ხელისუფლებისგან იყო ძალიან უხეში - „ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და უკეთესის გაკეთება აღარ შეიძლება“. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენთან იმ რეკომენდაციების მიმართ, რა რეკომენდაციებიც კეთდება დასავლეთის მხრიდან. ახლა უკვე რეკომენდაციები კი არ იქნება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მოთხოვნები. მოთხოვნების არ შესრულება კი მართლა დაგვაზიანებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა