ჩვენი სახელმწიფო სამარცხვინო მდგომარეობაშია, ეს არის სირაქლემას პოზიცია, წაყრუება, სიბეჩავით გვინდა, ფონს გავიდეთ - გინტური რომ მოგვიკლეს, წადი და მოკიდე ქეჩოში იმას ხელი, ოთხოზორიას მკვლელები მიდი და დააპატიმრე, ჩამოათრიე და ჩასვი ციხეში. ტატუნაშვილის მწამებლები რომ დადიან ლაღად და ბედნიერები რომ არიან, მოკიდე კისერში ხელი. აბა რისთვის არსებობს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური? აბა, რისთვის არსებობს სპეცრაზმი, რომ მარტო ბიძინა ივანიშვილი დაიცვას? - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე განცხადებით, რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც „რაც უფრო გაუწვები, ჩექმას უფრო მეტად დაგაჭერს, რადგან ის ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევს“. „დღეს ჩვენი სახელმწიფო სამარცხვინო მდგომარეობაშია. ეს არის სირაქლემას პოზიცია, წაყრუება. სიბეჩავით გვინდა, ფონს გავიდეთ. ჩვენს დაუკითხავად ადამიანებს გვიკლავენ, გვიწამებენ. სამხედრო პორტი ოჩამჩირეში არის, რაც მართალია, მართალია. იქ არის „ეფესბეს“ სასაზღვრო კატარღების პორტი. 90-იანი წლებიდან შეინარჩუნეს და მერე განავითარეს, უბრალოდ მისი გადიდება და გაფართოება უნდათ. ჩვენი სახელმწიფო უნდა გავაძლიეროთ და არ უნდა იყოს ისეთი ბეჩავი, როგორიც არის. თავდაცვა და უსაფრთხოება მისახედია. „ქართული ოცნებისთვის“ ჯარი სოციალური პროექტია, მარტო ხელფასებს აძლევენ და მორჩა. ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გამოდის და [ამბობს, რომ] ლიბერალიზმია ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსიო. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ვცხოვრობთ? რუსი ჯარისკაცი და შეიარაღებული სეპარატისტები რომ ხალხს გვიკლავენ, ის არ არის პრობლემა? აგერ, შუაგულ ქართლში რომ არიან შემოჭრილები და აფხაზეთში. ახლახან ვკითხულობდი, ორ წელიწადში თბილისის ცას დავიცავთო. 11 წელია ხელისუფლებაში არიან, სად იყვნენ აქამდე? თბილისის ცა, ისე იძახის, თითქოს, ტოკიო იყოს და 20 მილიონი კაცი ცხოვრობდეს. რა უნდა თბილისის ცის დაცვას? არ მინდა კიდევ ლაპარაკი. არასერიოზული რაღაცების ყიდვას აპირებენ და იძახიან, რომ დაიცავენ. სრულად ვერ დაიცავენ, ის არ არის სტრატეგიული რაღაცები, რის ყიდვასაც აპირებენ. ესენი არიან გასაშვებები. გინტური რომ მოგვიკლეს წადი და მოკიდე ქეჩოში იმას ხელი, ოთხოზორიას მკვლელები მიდი და დააპატიმრე, ჩამოათრიე და ჩასვი ციხეში. ტატუნაშვილის მწამებლები რომ დადიან ლაღად და ბედნიერები რომ არიან, მოკიდე კისერში ხელი. აბა რისთვის არსებობს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური? აბა, რისთვის არსებობს სპეცრაზმი, რომ მარტო ბიძინა ივანიშვილი დაიცვან? რომ ბიძინა ივანიშვილს ეძინოს მშვიდად? თამაზ გინტური ამ ქვეყნის მოქალაქე არ იყო? წადი, მოკიდე ხელი ქეჩოში, ჩასვი ციხეში და აჩვენე, რომ დაიჭერ და რეაქცია გექნება ყველაფერზე. მაგრამ ასე რომ ხარ, ხმას არ იღებ და ვითომ არაფერი მომხდარა. გული გამისკდა სირცხვილისგან ისეთი განცხადება გაავრცელა სუს-მა - რუსების გასროლილი ტყვიით გარდაიცვალაო. იქ პატრიოტი და ვაჟკაცი ხალხი მუშაობს. ვიცი, რომ ისინიც ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, ბევრს ხელები ექავება, რომ მართლა ის საქმე გააკეთონ, რისთვისაც არიან. მარტო ბიძინა ივანიშვილი არ დაიცვან, მარტო მის უსაფრთხოებაზე არ იზრუნონ და ოპოზიციას არ დასდევდნენ. ეს არის სამარცხვინო, როდესაც ამის თქმაც არ შეგიძლია. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელსაც რაც უფრო გაუწვები, უფრო კმაყოფილი იქნება. რაც უფრო გაუწვები, უფრო დაგაჭერს იმ ჩექმას. რუსეთი ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევს, სხვას არაფერს. იარაღით [უნდა დავიცვათ ქვეყანა], აბა რისთვის არსებობს სახელმწიფო? ვერ უნდა გიბედავდნენ, იმან უნდა იცოდეს, რომ კბილებში მოხვდება აუცილებლად. ჩვენი ერთი პრობლემა ქედმაღლობაა, ოსებს და აფხაზებს არ ველაპარაკებით თანაბრად. მიგვაჩნია, რომ ესენი რაღაც ჩანჩურები არიან, ამათ რა უნდა ველაპარაკოთ, თუ რამე რუსებს დაველაპარაკებით. ეს ძალიან არასწორი პოლიტიკაა“,- განაცხადა ელისაშვილმა.