ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მთავრობის სამოქმედო გეგმა არის ზედაპირული, ძალიან ზერელე და ფასადური - მასში რეკომენდაციების შესრულების აუცილებელი მექანიზმები ჩადებული არ არის, - ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის შეფასება.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სამოქმედო გეგმაში ევროკომისიის ცხრავე დათქმაზე მუშაობა უნდა იყოს ასახული, რაც სამწუხაროდ, ასახული არ არის.
"პირველ რიგში, ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეხება. თავისუფალი არჩევნების კონტექსტში გამოტანილია მხოლოდ ის უსუსური და ფასადური ცვლილება, რომელიც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვას ეხება. ასევე, აღნიშნულია სადამკვირვებლო მისიით ეუთო/ოდირის ჩამოსვლის შესახებ, რაც ყოველ არჩევნებზე ხორციელდება. ხელისუფლებამ ეს საზოგადოებას განსაკუთრებულ ცვლილებად არ უნდა შეასაღოს. იცით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით არსებობს ვენეციის კომისიის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რაც სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ არის.
გარდა ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას ძალიან სერიოზული ნეგატიური დასკვნები ჰქონდა და ესეც ასახული არ არის.
ასევე, პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი დემოკრატიის გაძლიერებასა და საგარეო პრიორიტეტების ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაზე.
სამოქმედო გეგმის ეფექტურობა და შემდეგ უკვე შესრულებული სამუშაო გაიზომება იმით, რაც არის ისტორიული ეტაპი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.